კრიმინალი

ოჯახი და ადვოკატები: გიორგი ცომაიას 11-მა პოლიციელმა სცემა

26 წლის გიორგი ცომაია უკვე რამდენიმე დღეა, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. ის აქ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხვდა - ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით შეეფარდა.

ადვოკატების ინფორმაციით, გიორგი ცომაიამ 14 აგვისტოს ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პოლიციის მე-2 განყოფილებაში წინა ნასამართლეობის დროს ჩამორთმეული მობილური ტელეფონი მოითხოვა, რასაც ერთ-ერთი პოლიციელის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც 11 ადამიანი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ადვოკატები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, ცომაიას ბრალი პოლიციელებზე არაფხიზელ მდგომარეობაში შეიარაღებულ თავდასხმაში დასდეს.

პატიმრის დედამ, მარინა ცომაიამ, შვილი დაკავების დღეს ნახა. ის ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ გიორგი ცომაია მძიმე მდგომარეობაში იყო და ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ცომაიას კიდევ ერთი ადვოკატი კი მოწმეების მიერ  მიცემულ ცრუ ჩვენებებზე საუბრობს. მარიამ ნეფარიძის თქმით, სასამართლო პროცესზე 4 პოლიციელი დაკითხეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ცომაია თვითდაზიანებების მიყენებას ცდილობდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული გარეგანი დათვალიერებითაც დასტურდება. მისივე თქმით, სიცრუეა ისიც, რომ ცომაიამ დანა გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ცომაია პოლიციის განყოფილებაში ნასვამ მდგომარეობაში შეიჭრა და სწორედ ამიტომ დააკავეს.  ნინო გიორგობიანი პოლიციელების მხრიდან მისი ცემის ფაქტს უარყოფს.

გიორგი ცომაიას დაცვის მხარემ სახალხო დამცველსაც მიმართა. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ სამართლებრივ რეაგირებას გარემოებების დაზუსტების შემდეგ მოახდენენ.

გიორგი ცომაიას ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის პირობითი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული. ადვოკატების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთი მოტივაცია სწორედ ეს გახდა.

კომენტარები