ე.წ. არჩევნები აფხაზეთში

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს

www.state.gov

აშშ არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ე.წ. არჩევნები ლეგიტიმური არაა და მის შედეგებს ვაშინგტონი არ ცნობს.

"ჩვენი პოზიცია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებით უცვლელი და ნათელია: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აქვს დაკისრებული, მათ შორის, რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების შეცვლას და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად შეშვებას რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რაც კონკრეტული პროგრესის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს”, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართა და, წინასწარი მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

კომენტარები