ე.წ. არჩევნები აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს

ფოტო: რადიო თავისუფლება/ანაიდ გოგორიანი

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ოპოზიციური პარტიის "ამცახარას" ლიდერი, ალხას კვიცინია, შედეგებს 10 სექტემბერს გაასაჩივრებს.  

"დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები დადგენილი წესების დარღვევით ჩატარდა,"-თქვა კვიცინიამ. 

ალხას კვიცინიას თქმით, საპროტესტო აქციებს არ გაამრთავს და თანაგუნდელებსა და ამომრჩეველს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ არ მოუწოდებს.  

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდა. მოქმედ ე.წ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას 9 კონკურენტი ჰყავდა, თუმცა არჩევნებში კვლავ მან გაიმარჯვა. 

არსებული ინფორმაციით, სეპარატისტულ არჩევნებში 116 000 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. გახსნილი იყო 150 საარჩევნო უბანი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 25 აგვისტოს ე.წ არჩევნები იყო "მორიგი უკანონო ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული".  

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ირლანდიამ, კანადამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, ფინეთმა, ჩეხეთმა - ჯამში 15-მა სახელმწიფომ, ერთობლივი განცხადებით დაგმო  25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. 

ოკუპირებული აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონთან ერთად, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს აღიარებული. ამ რეგიონებს, რომლებიც მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მთავრობები მართავენ.

კომენტარები