ოკუპირებული აფხაზეთი

პრეზიდენტი: ე.წ. არჩევნები არსებული ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა "არსებული ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობა და საერთაშორისო სამართლის უხეში უგულებელყოფაა". მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ რჩებიან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები და გრძელდება ადამიანების უფლებების ხელყოფა.

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია. რუსეთის ფედერაცია დღემდე არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. ამ ვითარებაში სრულიად აღმაშფოთებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ რეალობის დაკანონებას ე.წ. არჩევნების ან დემოკრატიული მმართველობის რაიმე ელემენტის  არსებობის ილუზიის შექმნის გზით. გამოვთქვამ მადლიერებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომელიც გმობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. არჩევნებს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ხმების 50.57% მიიღო და პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდა. მისმა მეტოქეებმა - ასლან ბჟანიამ, მერაბ ქიშმარიამ და ლეონიდ ძიაფშბამ 36%, 6% და 3% მიიღეს.

არჩევნები ოკუპირებულ რეგინში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მაისში სოხუმის რეჟიმის ლიდერი ალექსანდრ ანქვაბი, ოპოზიციის გამოსვლების შედეგად, იძულებული გახდა, გადამდგარიყო. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგება გახდა. რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ადრე მარიონეტული მთავრობის პრემიერის და ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, რუსეთთან ინტეგრაციის გაძლიერების და საბაჟო კავშირში გაწევრიანების ლოზუნგებით გამოდიოდა. არჩევნების შემდეგ მან განაცხადა, რომ აფხაზეთში პოლიტიკური სისტემის რეფორმირებას აპირებს.

კომენტარები