NDI-ის კვლევა

NDI: ევროკავშირი - 59%, ევრაზიული კავშირი - 20%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, შეხედულებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, გამოკითხულთა 59% ეთანხმება, ხოლო შეხედულებას, რომ ქვეყანა ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს - 20%.

ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 54% ეთანხმება შეხედულებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ხოლო 19% ფიქრობს, რომ ქვეყანა მეტ სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

გარდა ამისა, NDI-ის გამოკითხულთა 78%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო 10%-სთვის მიუღებელია. ასევე, 72%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო NATO-ს წევრი გახდეს, ხოლო 15%-სთვის მიუღებელია.

კვლევაში მონაწილეთა 9% ფიქრობს, რომ საქართველო 2018 წლამდე გახდება NATO-ს წევრი, 25% მიიჩნევს, რომ ეს 2018 წლის შემდეგ მოხდება. ხოლო 17%-ის აზრით, საქართველო არასდროს გაწევრიანდება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები