ვითარება უკრაინაში

ღარიბაშვილმა და მარგველაშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობას ხაზი გაუსვა.

"საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს. საქართველოსა და უკრაინას მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ და ვიმედოვნებთ, თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი ქვეყნების მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და გარწმუნებთ, რომ საქართველოს სახით საიმედო და ერთგული პარტნიორი გყავთ. ყურადღებით ვაკვირდებით რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა პრობლემა მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაიჭრება. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ამ რთულ პერიოდში" - ნათქვამია ღარიბაშვილის მილოცვაში.

უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

"ბატონო პრეზიდენტო, პირადად ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა სახელით გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - უკრაინის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს. ჩვენს ხალხებს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ ერთად ვიბრძოდით საბჭოთა რეჟიმისაგან დამოუკიდებლობისათვის. თავისუფლების მოპოვების შემდეგ, ორი ათწლეულის განმავლობაში, სახელმწიფოებრიობის შენების პროცესში მუდამ მხარში ვედექით ერთმანეთს. თქვენს ერთგულ მხარდამჭერებად ვრჩებით ახლაც, როდესაც უკრაინას კვლავ უწევს საკუთარი არჩევანის დაცვა, სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა. დღეს ჩვენ გვამოძრავებს სურვილი, საკუთარი ძალისხმევა მაქსიმალურად ეფექტიანად შევუერთოთ საერთაშორისო საზოგადოების ქმედით მხარდაჭერას უკრაინის თავისუფლებისადმი. სამწუხაროდ, ამ ბრძოლას თან ახლავს აუნაზღაურებელი ადამიანური მსხვერპლი. ქედს ვიხრი უკრაინისათვის დაღუპული გმირების წინაშე. მათი ნათელი ხსოვნა სამარადისოდ შთააგონებს ყველას, ვისთვისაც თავისუფლება - უზენაესი ადამიანური ფასეულობაა. ღრმად მწამს, რომ იმ დრამატული მოვლენებიდან, რომლებმაც მსოფლიო საზოგადოება შეძრა, უკრაინა გამარჯვებული გამოვა. ეს გამარჯვება კი მხოლოდ გააძლიერებს უკრაინის სახელმწიფოს, კულტურისა და ხალხის თვითმყოფადობას, გახდება ქვეყნის აღორძინებისა და უკეთესი მომავლის წინაპირობა. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ მომავლის შესახებ და მოხარული ვარ, რომ თანამოაზრენი ვართ. ეს ბუნებრივია, რადგან ის, რაც ერთ ქვეყანაში ხდება – გაკვეთილია მეორისათვის. ჩვენ ერთმანეთის გამოცდილება გვასწავლის, გვზრდის და გვაძლიერებს. ჩვენ ერთი გვაქვს მიზანი, საერთო გვაქვს პრობლემები, ვიზიარებთ საერთო ფასეულობებს და ხვალინდელ დღესაც საერთო პერსპექტივაში ვუმზერთ - ჩვენს ქვეყნებს ევროპის დემოკრატიულ, განვითარებულ ერთა დიდი თანამეგობრობის ღირსეულ წევრთა შორის ვხედავთ. არ არსებობს ძალა, რომელიც შეიძლება წინ აღუდგეს ამ მისწრაფებას. მჯერა, რომ ჩვენი ხედვა მალე იქცევა რეალობად და მზად ვარ თქვენთან, ყველა ჩვენს მეგობართან, მსოფლიოს პროგრესულ თანამეგობრობასთან ერთად დაუღალავად ვიშრომოთ მის მისაღწევად. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო სურვილები და გულწრფელი თანადგომა მოძმე უკრაინელ ხალხს" - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში, რომელიც მან უკრაინის პირველ პირს პეტრო პოროშენკოს გაუგზავნა. 

კომენტარები