სამომხმარებლო ბაზარი

ყველაზე იაფი სალომბარდე მომსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია

Stringer / REUTERS

ეროვნულ ვალუტაში სალომბარდე მომსახურებით სარგებლობის საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%-ს აჭარბებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შიდა ქართლში (80%-ზე მეტი), ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აღირიცხა და 30% შეადგინა.

2013 წელს ლომბარდების მიერ გაცემული სესხების რაოდენობამ 310.7 მილიონი ლარი შეადგინა. გაცემული სესხების 96% ფიზიკურ პირებზე მოდის. მთლიანად კლიენტების რაოდენობამ გასულ წელს 682 000 შეადგინა, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა (99.8%) ფიზიკური პირია. 

საქართველოს მასშტაბით 1 031 მოქმედი ორგანიზაცია აღირიცხება, რომელიც სალომბარდე საქმიანობით არის დაკავებული. 1 031 ორგანიზაციიდან 45,8% თბილისში მდებარეობს. რეგიონებიდან ყველაზე მეტი ლომბარდი (13.5%) იმერეთის რეგიონშია. 

ყველაზე აქტიური სამომხმარებლო ბაზარი თბილისშია, სადაც სალომბარდე მომსახურებით მოსარგებლეთა 60%-ია კონცენტრირებული. 

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 13.4 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 71% ეროვნულ ვალუტაშია გამოსახული. 

2013 წელს ლომბარდებმა 21.6 მილიონი ლარის მოგება ნახეს, აქედან 50%-ზე მეტი თბილისში მდებარე ორგანიზაციებზე მოდის. ყველაზე ნაკლებმოგებიანი სალომბარდო ოპერაციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვეო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთშია.  

კომენტარები