ფანჯიკიძე სააკაშვილის ბრალზე: ეს ევროკავშირთან ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესის "ცოტათი შეფერხების მიზეზი საზაფხულო არდადეგებია". ფანჯიკიძეს ქრონიკის წამყვანმა ჰკითხა, თუ რატომ გაჭიანურდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი. 

"მე ვერ ვიტყოდი, რომ დროში გაიწელა. ხელმოწერიდან გასულია ერთ თვეზე ცოტა მეტი, მაგრამ ეს არის ის პერიოდი, როდესაც უმეტესი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები ისვენებენ. შესაბამისად, რატიფიკაცია მოასწრო მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ. მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი სექტემბერში გაგრძელდება ყველა სხვა ქვეყანაში და ვვარაუდობ, რომ წლის ბოლოსთვის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მოახდენს ხელშეკრულების რატიფიკაციას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ჰქონდა კონსულტაციები ბევრ ქვეყანასთან.

ქრონიკის წამყვანმა მას ასევე ჰკითხა, ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას ევროკავშირის ქვეყნების მიერ, ხელს ხომ არ შეუშლის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა, რაზეც მაია ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ "ევროკავშირთან ურთიერთობაზე ვერანაირი სხვა განვითარება გავლენას ვერ მოახდენს".

"შემაფერხებელი გარემოება ევროკავშირთან ურთიერთობაში არ შეიძლება იყოს, რადგან ჩვენი ურთიერთობა განმტკიცებულია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტით, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ეწოდება. ასე რომ, ამ ურთიერთობას ვერაფერი დაუდგება წინ. ეს არის ურთიერთობა სახელმწიფოსა და სახელმწიფოთა გაერთიანებას შორის და მასზე ვერანაირი სხვა განვითარება გავლენას ვერ მოახდენს. საქართველო სწორ გზას ადგას და ამ სწორ გზაზე მას სჭირდება ხელშეწყობა და დახმარება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

ცნობისთვის, ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ ბერნ ლანგიმ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა და ევროპის პარლამენტმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.

კომენტარები