დანაშაულის სტატისტიკა

გუნავა: შსს-მ სტატისტიკის გაყალბებას თავი დაანებოს

თენგიზ გუნავა
livepress.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, როგორ არის კრიმინალი გაზრდილი. მისი თქმით, "შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი არ უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ  ქაღალდზე გამოსწორებული სტატისტიკა ანახოს ხალხს და ისე დააბრუნოს შევარდნაძის პერიოდი, როცა მართლა აყალბებდნენ სტატისტიკას და ხალხს ეუბნებოდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად არის".

გუნავას თქმით, დღე-ნახევარში ორი მკვლელობა და რვა დაჭრა მოხდა. მანვე აღნიშნა, რომ მომრავლებულია წვრილფეხა საქონლის ქურდობა.

"მოვუწოდებ შსს-ს, სტატისტიკის გაყალბებას თავი დაანებოს და რეალურად იმუშაოს კრიმინალის აღმოსაფხვრელად", - თქვა ენმ-ის წევრმა.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივლისის თვის დანაშაულის დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, 2014 წლის ივლისის თვეში დაფიქსირდა განზრახ მკვლელობის 0, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის - 1 შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ მედიასაშუალებებში ივლისის თვეში ორი მკვლელობა გაშუქდა. მათგან ერთზე, რომელიც ახალქალაქში ბებიის და შვილიშვილის მკვლელობას ეხება, გამოძიება სწორედ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ხოლო 26 ივლისს, ზესტაფონში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევაზე დღეს ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. კითხვაზე, რატომ არ შევიდა აღნიშნული ფაქტი შსს-ს სტატისტიკაში, უწყებაში ტაბულას განუმარტეს, რომ "საქმის გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს".

კომენტარები