საქართველო-აშშ

ვოლკერი: ქვეყანაში პოლიტიკური ომის განცდა საქართველოს იზოლაციას გამოიწვევს

ამერიკის ხმა

NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის და წინა ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენა "საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია". ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, "იმის მიუხედავად, აქვს თუ არა საფუძველი ყოფილი მაღალჩინოსნებისათვის წაყენებულ ბრალდებებსა და დაკავებას, დასავლეთში მაინც ჩნდება ეჭვი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, ხოლო საქართველო არ არის შემდგარი დემოკრატია". ვოლკერის თქმით, ამის გამო, "გარე დამკვირვებლებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ომი მიმდინარეობს, რაც საქართველოს იზოლირებას იწვევს. ქვეყანა თითქოს მარტო დგას. რუსეთი ამ გარემოებას საქართველოსა და მთელ რეგიონზე საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენებს".

ამერიკის ხმის კითხვაზე, "ეს პროცესი საზიანოა საქართველოს დასავლური მისწრაფებებისთვის?", კურტ ვოლკერი პასუხობს, რომ "დიახ. დასავლეთ ევროპაში დაიღალნენ გაფართოებით და აღარ სურთ NATO-სა და ევროკავშირში ახალი წევრების მიღება. მათ მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მათგან დიდად განსხვავდებიან და თან რუსეთის გავლენის სფეროს წარმოადგენენ. დასავლეთის თვალში ამ შეხედულების გამყარება საქართველოს კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს". 

NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის თქმითვე, თავად რომ საქართველოს მთავრობის ადგილას იყოს, გამოიკვლევდა დარღვევებს და გაასაჯაროებდა ყველა დიდ შეცდომას.

"თუ ჩადენილია ომის დანაშაული, ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს ფაქტები და მოხდეს მათი გასაჯაროება. შემდეგ მთავრობას შეუძლია, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება - დააპატიმროს დამნაშავე თუ გამოაცხადოს გარკვეული ამნისტია. ამის არაერთი მაგალითი არსებობს სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში სიმართლის კომისიების სახით. უნდა გითხრათ, რომ ამ ქვეყნებში გაცილებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, ვიდრე საქართველოში. ადამიანის გასამართლება შეიძლება, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს. სასამართლო პროცესების მიზანი ადამიანის დასჯა კი არა, საზოგადოებისათვის მიყენებული ტკივილის მოშუშება უნდა იყოს. მერე კი უნდა დაიწყოს საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა. დღევანდელი პროცესები ქვეყნის დანაწევრებას იწვევს. ზოგ შემთხვევაში ვხედავთ წინასწარ დაკავებებს სათანადო მტკიცებულებების გარეშე, რაც პოლიტიკური მოტივაციის შთაბეჭდილებას ქმნის და ასუსტებს ნდობას საქართველოს დემოკრატიისადმი", - აცხადებს ვოლკერი და აღნიშნავს, რომ სამართლებრივ პროცესებს და საბაზრო ეკონომიკას ერთმანეთთან პოლიტიკური სისტემა აკავშირებს.

"ევროპული მოდელის წარმატებულ ქვეყანაში უნდა დაიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება, შექმნა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა და დაამკვიდრო კანონის უზენაესობა.  საქართველოში მიმდინარე დაკავებები საზოგადოებამ, შეიძლება, კანონის უზენაესობის ნაწილად მიიჩნიოს, მაგრამ დაკავება მხოლოდ სამხილების წარდგენის შემდეგ უნდა განხორციელდეს. საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რა სურს: წარმოჩნდეს, როგორც მთავრობა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, თუ მთავრობა, რომელმაც საქართველოს ისტორიის მორიგი მძიმე ფურცელი გადაშალა და უკეთესი მომავლის მშენებლობას მოკიდა ხელი", - აცხადებს ვოლკერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები