ფარმაცევტული ბაზარი

წერეთელი: შესაძლებელი იყო, უფრო მცირე წრე ჩართულიყო სარეცეპტურო სისტემაში

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის შეფასებით, "რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ასეთი ფართო წრის განსაზღვრა ცოტა ნაადრევი იყო". როგორც დღევანდელ ბრიფინგზე წერეთელმა აღნიშნა, უდავოა, რომ ზოგიერთი პრეპარატი ექიმის დანიშნულებით უნდა გაიცეს, თუმცა, მისი თქმით, ამ ნაბიჯმა შესაძლოა, გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს. დეპუტატის აზრით, უკეთესი იქნებოდა, სარეცეპტურო სისტემაზე გადასვლა უფრო დროში გაწერილად მომხდარიყო.

"ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები წინა პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეს გაკეთებულიყო ეტაპობრივად და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იყო, ჯერჯერობით, მცირე წრე ჩართულიყო სარეცეპტურო სისტემაში. რა თქმა უნდა, არის პრეპარატები, რომლებიც აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა გაიცეს, მაგრამ დღესდღეობით ვხედავთ, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა, გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს. ერთი ის, რომ ადამიანებს მოუწევთ მისვლა ოჯახის ექიმთან, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ დღევანდელი ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში, რომელიც არცთუ ისე კარგად ფუნქციონირებს, როგორც სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, არის საკმაოდ დიდი რიგები. ანუ ადამიანები უნდა დადგნენ რიგში, შემდეგ წამოვიდნენ აფთიაქში, მიიღონ ეს პრეპარატი... ზოგჯერ ამ პრეპარატის მიღება ან სწრაფად ყიდვა არავითარი დიდი ზიანის მიმტანი შეიძლება არ იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, როცა საუბარია ძალიან მსუბუქ წნევის დამწევ ან ტკივილგამაყუჩებელ საშუალებაზე. ასევე არის, როცა ერთი და იგივე ჯგუფის პრეპარატი ზოგი არის ურეცეპტოდ და ზოგი რეცეპტით გაიცემა - ამას სჭირდება უფრო უკეთესი განმარტება", - აღნიშნა წერეთელმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმითვე, მეორე პრობლემა, რაც შეიძლება მედიკამენტების რეცეპტით გაცემამ გამოიწვიოს, ფასების გაზრდაა.

"აფთიაქებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა ამის სიგნალი უკვე გასცეს. თუ შეატყობენ, რომ გაყიდვები მცირდება, იმის გამო, რომ გარკვეული ბარიერი არსებობს, ეს აუცილებლად იმოქმედებს სამომავლოდ ფასებზე და ჩვენ შეიძლება ვნახოთ, რომ პრეპარატების გარკვეულ ჯგუფებზე ფასები მოიმატებს. ჯერჯერობით, გაიაფებული მედიკამენტები არავის არ უნახავს", - განაცხადა წერეთელმა და უცხოეთის გამოცდილებაზეც ისაუბრა.

"ყველა იმ ქვეყანაში, ერთეული გამონაკლისების გარდა, სადაც მედიკამენტების დიდი წრეა ჩართული სარეცეპტურო სისტემაში, მართლა მუშაობს უნივერსალური დაზღვევა და იმ სისტემაში ადამიანებს სახელმწიფო უნაზღაურებს მედიკამენტების ფულს. ანუ პრაქტიკულად, ბევრისთვის ეს არის უფასო ან არის ძალიან დიდი შეღავათით - 10-20%-იანი თანაგადახდით. სწორედ ეს არის დაზღვევის სამედიცინო სისტემის მედიკამენტებით უზრუნველყოფის თვისება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი უცხოეთში. ჩვენი სისტემის ნაკლი სწორედ ის არის, რომ არ ანაზღაურებს მედიკამენტების ფასს. ამიტომ, როდესაც დასავლურ პრაქტიკას ვადარებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იქ რეცეპტი, სამედიცინოს გარდა, ფინანსური, ეკონომიკური დატვირთვის დოკუმენტაციაც გახლავთ. ზუსტად ეს პოზიცია გვქონდა ჩვენც, რომ, რა თქმა უნდა, გარკვეული წრის პრეპარატები უნდა გაიცეს რეცეპტით და ეს დაწყებული იყო, ამ მთავრობას არ მოუგონია. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ისტორიას ჩააბარა ე.წ. აფთიაქის ბაზრობები და ულეცენზიო აფთიაქები. ასევე, ყველა სტრატეგიაში იყო განსაზღვრული ეტაპობრივად რეცეპტის სისტემის შემოღება. სწორედ ეს იყო ჩვენი პოზიცია მაშინ, რომ მომხდარიყო დროში უფრო გაწერილად და ეტაპობრივად. ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ აირჩია პრეპარატების რაც შეიძლება უფრო დიდი წრის ჩართვა სარეცეპტურო სისტემაში. მე არ მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს, როგორც იყო განმარტებული, ექიმების მიმართ. სისტემის და ექიმის მიმართ ნდობას აღადგენს ხელმისაწვდომობა, მაღალი ხარისხი, მაღალი პროფესიონალიზმი ექიმების და ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და ჩვენ ვერ ვხედავთ ამისკენ გადადგმულ რაიმე სერიოზულ ნაბიჯებს", - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი სექტემბრიდან, II ჯგუფის მედიკამენტები (6 000-ზე მეტი დასახელების პრეპარატი) რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა.

კომენტარები