ფარმაცევტული ბაზარი

ბოჟაძე: გვინდა, სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის საკითხი დავაყენოთ

ივანიშვილის სატელიტი პარტია ევროპელი სოციალისტები სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მათმა წევრმა, ლადო ბოჟაძემ ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"გვინდა, ამ ტრიბუნიდან სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის საკითხი დავაყენოთ [...] ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე პრობლემური სწორედ წამლების ფასებია. ის, რომ ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, საწვავის ფასიც გაიზარდა, სავარაუდოდ, სურსათისა თუ მედიკამენტების ფასის დამატებით გაზრდას გამოიწვევს.

კერძო სექტორმა დაადასტურა, რომ ახალი კვლევებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავენ, თუმცა, სახელმწიფო ქარხანას ასეთი კვლევებისთვის თანხის დახარჯვა არ დასჭირდება და მხოლოდ იმ მედიკამენტებს გამოუშვებს, რომელიც ისედაც ლიცენზირებული და მთელ მსოფლიოში აპრობირებული იქნება. აქ სახელმწიფო აფთიაქების შექმნა არ იგულისხმება, იგულისხმება, რომ ყველა სააფთიაქო ქსელში კონკრეტული დახლი იქნება, სადაც სახელმწიფოს მიერ გამოშვებული, ლიცენზირებული წამლები გაიყიდება - და გაიყიდება მინიმალურ ფასად, რადგან სახელმწიფო საწარმო მოგებაზე ორიენტრებული არ და ვერ იქნება". - თქვა ბოჟაძემ.

ასევე, ბოჟაძის თქმით, ევროპელი სოციალისტები სახელმწიფო ბანკის შექმნის ინიციატივითაც გამოდიან.

კომენტარები