უკრაინა

უკრაინაში მოქმედ მოსკოვის საპატრიარქოს „რუსული სამყაროს“ მომხრე გაუძღვება

pravmir.ru

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად ეპისკოპოსთა საბჭომ ჩერნოვცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი ონოფრე აირჩია.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქომ ონოფრეს არჩევის გამო „იმედგაცრუება" გამოთქვა. კიევის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პრესცენტრის განცხადებით, ონოფრეს არაერთხელ განუცხადებია, რომ უკრაინელები და რუსები „ერთი ხალხია" და ევროპული ინტეგრაცია ქვეყანას არ სჭირდება, პრორუს ტერორისტებს კი „მოხალისეებს" უწოდებდა.

„უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მეთაურად ამ იერარქის არჩევა ფაქტობრივად მოწმობს, რომ ამ ეკლესიის ეპისკოპოსთა დიდი ნაწილი „რუსული სამყაროს" აგრესიულ დოქტრინაზეა დამოკიდებული, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის, ყირიმის ოკუპაციისა და დონბასში გაჩაღებული ტერორის იდეოლოგიურ საფუძვლად იქცა", - აცხადებს კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი საჭეთმპყრობლობს.

თავის მხრივ, მიტროპოლიტმა ონოფრემ განაცხადა, რომ მზადაა კიევის საპატრიარქოსთან და პატრიარქ ფილარეტთან მოლაპარაკებისთვის ეკლესიათა გაერთიანების შესახებ. თუმცა, მისი თქმით, ეს გაერთიანება მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების შესაბამისად უნდა მოხდეს.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი.

კომენტარები