კრიზისი უკრაინაში

უკრაინა ჰუმანიტარული კოლონის შეშვებაზე კვლავ უარს ამბობს

უკრაინა რუსულ ჰუმანიტარულ კოლონას საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვებს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა. მან მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას აგრესორის ცინიკური პროვოკაცია უწოდა.  კიევი აცხადებს, რომ კოლონას, რომელიც მოსკოვიდან გუშინ დილით დაიძრა, საზღვარზე, ხარკოვის ოლქში მიიღებს და ჰუმანიტარულ ტვირთს დანიშნულების ადგილზე სხვა ტრანსპორტით გადაიტანს.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ თქვა, თითქოს კიევთან მოღწეულია შეთანხმება, რომ კოლონა საზღვარს გადაკვეთს და მანქანებზე უკრაინული სანომრე ნიშნები განთავსდება. წითელი ჯვარი კი კვლავ აცხადებს, რომ არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ჰუმანიტარული ტვირთის შემადგენლობის შესახებ. ორგანიზაციისთვის არც კოლონის ზუსტი ადგილსამყოფელია ცნობილი.

აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები გრძელდება. პრორუსმა ტერორისტებმა დონეცკის გარეუბანში მემარჯვენე სექტორის მოხალისეთა ქვედანაყოფის ავტობუსი დაცხრილეს, რის შედეგადაც 12 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

მოსკოვში კი, პოლიციამ უკრაინის მხარდამჭერი აქცია დაშალა. ომის მოწინააღმდეგეები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა რუსული ჰუმანიტარული კოლონის უკრაინაში გაგზავნა პროვოკაციად შეაფასეს.

კომენტარები