Nabucco

ირანი მზადაა, ევროპას გაზი Nabucco-ს მილსადენით მიაწოდოს

ირანმა შესაძლოა საკუთარი გაზი ევროპას Nabucco-ს გაზსადენით მიაწოდოს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ ალი მაჯედიმ განაცხადა. მისი თქმით, ირანს უკვე სტუმრობდა ორი ევროპული დელეგაცია, რომელთა მიზანი ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში, ირანული გაზის ევროპაში მიწოდების სხვადასხვა გზების განხილვა იყო. 

თეირანში საუკეთესო მარშრუტად თურქეთს, კერძოდ, Nabucco-ს გაზსადენის პროექტს მიიჩნევენ. მაჯედის თქმით, ირანული გაზის პროექტი რენტაბელობის პრობლემას მოაგვარებს, რადგან მისი სიმძლავრის ათვისებისთვის აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადო საკმარისი არ არის.

Nabucco-ს პროექტის განხორციელება 2002 წლიდან დაიწყო. პროექტის საწყისმა ღირებულებამ 8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ევროკავშირმა პროექტი პრიორიტეტად გამოაცხადა, Nabucco-ს კონსორციუმში ავსტრიული, თურქული, ბულგარული და რუმინული კომპანიები გაერთიანდნენ.

3-ათასკილომეტრიან მილსადენს ბუნებრივი აირი, რომელიც აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოს გავლით თურქეთში მოხვდებოდა, ავსტრიამდე უნდა მიეწოდებინა. პერსპექტივაში Nabucco-თი ირანული, ერაყული და ცენტრალურაზიური გაზის ტრანზიტიც იყო გათვალისწინებული. Nabucco-ს ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულება უნდა შეემცირებინა და რუსული სამხრეთის ნაკადის მთავარი კონკურენტი უნდა გამხდარიყო. თუმცა, სამუშაოების დაწყება რამდენჯერმე გადაიდო, რადგან Nabucco-ს დატვირთვისთვის საჭირო გაზის მიწოდება ეჭვქვეშ დადგა. 2013 წლის ზაფხულში კი კონსორციუმმა პროექტი დახურულად გამოაცხადა და პრიორიტეტი უფრო მცირე მასშტაბის, ტანაპის პროექტს მიანიჭა. თეირანში მიაჩნიათ, რომ ევროპაში ირანული გაზის იმპორტის პერსპექტივამ შესაძლოა Nabucco-ს პროექტი კვლავ აქტუალური გახადოს. 

კომენტარები