დიდგორობა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი დიდგორი გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორის ველზე, დიდგორობის დღესასწაულის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

"ეს ველი, სადაც ახლა ვდგავართ, ქართველთა საბრძოლო დიდების, ერთიანობის და თავისუფლების სიმბოლოა. 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა ურიცხვ მტერზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში "ძლევაი საკვირველის" სახელით შევიდა. დიდგორის ბრძოლა ქართული თავდადების, შემართების, თავგანწირვის ნათელი მაგალითია. ეს ველი ცოცხალი ძეგლია უდიდესი სახელმწიფოებრივი, ეროვნული პასუხისმგებლობის და სწორი სტრატეგიის, რაც დღესაც, საუკუნეების შემდეგაც ჩვენთვის სანიმუშოა. დიდგორის ომში გამარჯვებამ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. ჩვენ დღესაც ვიბრძვით ამ სტატუსის განმტკიცებისთვის. ერთ-ერთი გამოსვლისას საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ დიდგორი ჯერ არ დასრულებულა. დიახ, მეგობრებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება და ამ ველზე დაღვრილი ჩვენი წინაპრების სისხლი გვავალებს, რომ თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის“, - ამბობს ღარიბაშვილი.  

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში და ის ნებისმიერი ძლევამოსილი სახელმწიფოს სამხედრო ხელოვნების ისტორიას დაამშვენებდა.

პრემიერმა საზოგადოებას ახალი ინიციატივის შესახებაც აცნობა. „როგორც თავდაცვის მონისტრმა ირაკლი ალასანიამ მოგახსენათ, ჩვენი ინიციატივით, ყოველი წლის 12 აგვისტოს საბრძოლო გამარჯვებისთვის გამორჩეულ სამხედროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დიდგორის ჯვრის მედალს გადასცემს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

დიდგორის ჯვრის პირველი მედალი პრემიერმა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს მაიორ ვიტალი ცხადაძეს გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბრძოლაში გამოჩენილ მამაცობასთან ერთად, ვიტალი ცხადაძემ და მისმა მეგობრებმა ბრძოლის ველზე დაღუპული და დაჭრილი თანამებრძოლები არ დატოვეს. 

კომენტარები