დიდგორობა

ალასანია: უნდა ვიბრძოლოთ ქვეყნის გაერთიანებისთვის, სხვა უფლება არ გვაქვს

"ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე, სხვა უფლება არ გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დიდგორობის დღესასწაულზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დიდგორის ბრძოლა ქართველობის უტეხობის სიმბოლოა. 

"ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით – ასე გაამხნევა დავით აღმაშენებელმა ქართული მხედრობა დიდგორის ბრძოლის წინ. იმ წამის მერე, იმ დღის მერე დიდგორის ბრძოლა იქცა ჩვენი ქვეყნის უტეხობის სიმბოლოდ. ჩვენ ყველამ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის, ჩვენი ერის და საზოგადოების ერთობისთვის, სხვა უფლება არ გვაქვს", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ქართველებს დიდგორის ბრძოლის შემდეგაც ბევრი ბრძოლა შეხვდა და მათგან ერთ-ერთია 2008 წლის რუსეთის აგრესია. 

"6 წლის წინ რუსეთის აგრესიის დროს ჩვენი ქვედანაყოფები იყვნენ ქვეყნის დაცვისთვის ბოლომდე ბრძოლაში შესულები. მინდა პატივი მივაგო ყველა დაღუპულის ხსოვნას და სიამაყით ვთქვა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, რომ ცოცხალი გმირებიც გვყავს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გმირია მაიორი ცხადაძე, რომელიც აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა 53-ე ბატალიონს, მაგრამ როდესაც 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელი ბრძოლის ველზე დაიჭრა, სწორედ მისი მხედრული მამაცობით, გამბედაობით, ჩაუდგა ხელმღვანელობაში ქვედანაყოფს და გამოიყვანა სამშვიდობოს", - განაცხადა ალასანიამ. 

კომენტარები