თავდასხმა დეპუტატზე

ქართული ოცნება: კანდელაკზე თავდამსხმელი ალექსი მელაძე პარტიის წევრი არ არის

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო უარყოფს ინფორმაციას, რომ პარლამენტარ გიორგი კანდელაკზე თავდასხმაში მონაწილე ალექსი მელაძე "ქართული ოცნების" წევრია. კოალიციის განცხადებით, ის ემიჯნება მომხდარს და მოუწოდებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას, სათანადო რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე.

"აღნიშნული პირი არასდროს ყოფილა არც ჩვენი პარტიის წევრი და არც აქტივისტი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ალექსი მელაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ემიჯნება მომხდარს და მოუწოდებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას მისცეს სათანადო რეაგირება მომხდარ ფაქტს.
ჩვენმა ხელისუფლებამ დაასრულა განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის მანკიერი ტრადიცია, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში იყო დამკვირდებული.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოუწოდებს ყველა ოპონენტს, ნუ გამოიყენებენ ასეთ ინციდენტებს პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის.

როგორც ვიცით, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა საქმე და დაწყებულია გამოძება. დარწმუნებული ვართ, გამოძიება დაადგენს, რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი და შესაბამისად ყველა სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის შესაბამისად", - წერია განცხადებაში.

თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკს თავს დაესხნენ. ავტომანქანით მიმავალდეპუტატს გზა გადაუჭრეს, გააჩერეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გიორგი კანდელაკი პოლიციის განყოფილებაში უკვე დაკითხეს.

"რამდენადაც ვიცით, თავდამსხმელი თეთრიწყაროს გამგეობაში მუშაობს. ქართული ოცნების აქტივისტია", - აღნიშნავდნენ ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით(ცემა) დაიწყო.

კომენტარები