სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ფანჯიკიძე: ჩემმა განცხადებამ სანქციებზე არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკურმა ოპონენტებმა განცხადება დაუმახინჯეს და არასწორი ინტერპრეტაციით გადმოსცეს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სოლიდარულია უკრაინის მიმართ.

"გუშინ ჩემმა განცხადებამ გარკვეული არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია. პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არაერთხელ მიგვიღია იმ სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია, რასაც ჩვენ ვამბობთ. ყოველთვის ცდილობენ დაგვაბრალონ ისეთი რამ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გამეკეთებინა განმარტება. სანქციების შესახებ დასმულ კითხვას გუშინ ვრცელი პასუხი გავეცი. ვისაუბრე სანქციებზე, რაც ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს და ასევე იმ პასუხზე, რაც რუსეთმა სანქციებს გასცა. აღვნიშნე, რომ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კრიზისი გადაიჭრას და საჭიროა ევროპული უსაფრთხოების სისტემის ფუნდამენტური გადახედვა და ფუნდამენტური დასკვნების გამოტანა.

ოპონენტები გვაბრალებენ, თითქოს არ ვართ სოლიდარულები უკრაინის მიმართ. ეს მინდა კატეგორიულად უარვყო. ნებისმიერ ჩვენს განცხადებაში, ნებისმიერი მინისტრი, მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, და რაც მთავარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის უკრაინელი ხალხის მიმართ უდიდესი სოლიდარობის გამომხატველი. ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული. საჯაროდ ვგმობთ ყირიმის ანექსიას, გვაქვს ძალიან აქტიური კონტაქტი ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, მაქვს ხშირი შეხვედრა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და სატელეფონო ურთიერთობა მასთან. პრემიერი ორჯერ შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. ასე რომ, ბრალდება, თითქოს არასაკმარისად ვუჭერთ უკრაინას მხარს, აბსოლუტურად არასწორია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძემ დღეს ნაციონალური მოძრაობის ინიციატივასაც უპასუხა, სადაც ოპოზიციური პარტია საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს, შეუერთდეს დასავლური ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

"საქართველო მიესალმება ყველა ქმედებას, რომელიც ხელს შეუწყობს კრიზისის მოგვარებას და ხელს შეუწყობს მის ძირეულ გადაწყვეტას. საქართველოს არ შეუძლია ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს, რადგან ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი ღონისძიება, რაც მიმართულია კრიზისის მოგვარებისკენ, არის მისასალმებელი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და მოსკოვის მიერ მიღებული საპასუხო ზომების, ასევე NATO-ს მიერ რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტის კომენტირებისას, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი, მთლიანობაში აღებული, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთების საფუძველს იძლევა".

„სანქციები, ურთიერთობების გაწყვეტა და ა.შ. არ არის, რა თქმა უნდა, ამ კრიზისიდან გამოსავალი. საუკეთესო შემთხვევაში, უნდა დასხდნენ მაგიდასთან ყველანი, ვისაც ეს ეხება და ეძებონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები. მთავარი ალბათ, არის ის, რომ ის ძირი, რაც უდევს საფუძვლად ამ გართულებებს, უნდა იყოს გადაწყვეტილი. ეს არის კონფლიქტი უკრაინასთან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, იქ მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიება ყველა სხვა საკითხებსაც მოაგვარებს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

„არ ვიცი, რამდენად დაეტყობა ეს რუსეთის ან ევროკავშირის ეკონომიკას. ფაქტია, რომ ასეთი განვითარება არავის სურდა. ეს არის გამოწვეული იმ კრიზისით, რომელიც შეიქმნა უკრაინაში. შესაბამისად, დასავლეთი ყველა ზომას მიმართავს, რომ კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ რადიკალური ქმედებები იყო აუცილებელი", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები