2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

საგარეო უწყება: 6 წლის შემდეგ, მიზანი კვლავ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის ომის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ომიდან 6 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიზანს კვლავ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე.

"2008 წლის აგვისტოს ომიდან ექვსი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიზანს კვლავ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი, კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, მათ შორის დაიწყო მოსკოვთან უპირობო დიალოგი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხების თაობაზე. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზების პარალელურად, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებული კურსი რჩება ურყევი. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ქართველი ხალხის მისწრაფებისა და არჩევანის რეალიზაციისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადასადგმელად, რისი ნათელი დადასტურება არის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა", - წერია განცხადებაში.

საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან კვლავ ირღვევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და 6 წლის შემდეგაც საოკუპაციო ძალები კვლავაც ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რის შედეგადაც ადამიანების უფლებები ილახება.

"2014 წლის 7 აგვისტოს 6 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის ექვსი წლის თავზე საოკუპაციო ძალები კვლავაც ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომლის შედეგად უხეშად ილახება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის ასობით ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალი მოწოდების მიუხედავად, კვლავ ირღვევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. საერთაშორისო ვალდებულებების სრული უგულებელყოფით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს მავთულხლართების გავლებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, რაც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, უპირველესად, თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მიღწევა, ქართული მხარისა და მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ძალისხმევის მიუხედავად. რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს აცხადებს ადეკვატურად უპასუხოს საქართველოს მიერ 2010 წელს ცალმხრივად აღებულ და საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის რეზოლუციის განმტკიცებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნის მცდელობების მიმართ სახეზეა ღია წინააღმდეგობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიები ე.წ. „შავ ხვრელებად" და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, „მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებად" აქცია", - წერია განცხადებაში.

საგარეო უწყება ასევე მიიჩნევს, რომ ქართული მხარისთვის ყოვლად მიუღებელია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არსებული ფორმატისა და დღის წესრიგის შეცვლის მეშვეობით.

"ქართული მხარე აფასებს მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეების მტკიცე პოზიციას კონსენსუსით შეთანხმებული ფორმატისა და დღის წესრიგის დარღვევის დაუშვებლობის თაობაზე. თავის მხრივ, ქართული მხარე მზად არის, განაგრძოს ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად მონაწილეობა, რუსეთსა და საქართველოს შორის მდგარი პოლიტიკური საკითხების მოგვარების, უპირველეს ყოვლისა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირნათლად შესრულების მიზნით", - წერია განცხადებაში. 

დასასრულს, საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"საქართველოს მთავრობა ღრმად არის დარწმუნებული, რომ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარება წარმოადგენს ქვეყნის გაერთიანების ყველაზე ეფექტურ და საიმედო გზას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები