საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უცხოეთში თავშესაფრის თხოვნას არ აპირებს, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ იგი უნგრეთში ამ ქვეყნის პრემიერს შეხვდა, ვარშავაში კი პოლონეთს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მართავს.
„მსოფლიოში ამ ყველაფერზე (მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებზე) აქვთ ძალიან ჩამოყალიბებული აზრი. საკუთარი თვალით შეხედეთ, სად როგორ მიღებენ. მე არ ვარ ოფიციალური პირი. ყოფილ ოფიციალურ პირებს, როგორც წესი, არავინ ხვდება. ფაქტია, რომ გამონაკლისს უშვებენ ჩემთვის. რატომ? იმიტომ, რომ ყველას ესმის, რომ საქართველო ამ დროებით სიძნელეებს გადის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, "არაფერი კავშირი სამართალთან და მით უმეტეს სამართლიანობასთან ამ ვითომ სამართლებრივ პროცესებს, რა თქმა უნდა, არ აქვს. როგორც არ ჰქონდა კავშირი იანუკოვიჩის დაწყებულ პროცესებს არაფერი სამართლიანობასთან. მე მაინც ვამაყობ იმით, რომ ამდენი ჩხრიკეს, ამდენი ქექეს, ბენზინის 1 ლარი, ბარკლების წილი, ბოლოს კაბინეტში როგორ ვიყიდე სკამები, ჩემი რამდენიმე თანამშრომელი დაკითხვაზე ჰყავდათ. ბოლოს ერთადერთი, რაც ამოქექეს, არის ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება, რომელიც ჩვენ დავითხოვეთ კორუფციისთვის და ცრუპენტელობისთვის. ნინო ბურჯანაძის ჩვენება. ზუსტად ასე უნდა გამოართვან ჩვენება ჩახალიანს, იმასაც ბევრი რამ აქვს სათქმელი. შკრილნიკოვმა ალბათ დატოვა ქვეყანა, თორემ ისიც მოუყვებოდა რაღაცეებს. გევორქიანმაც ალბათ დატოვა, თორემ ისიც იტყოდა რამეს. სერიოზულად როგორ შეიძლება ამაზე მსჯელობა?! მე მგონი, საქართველოში ყველა ყველაფერს ხვდება და მსოფლიოში ხომ ყველა დიდი ხანია ყველაფერს ხვდება. ფაქტია, რომ დაგვცინიან. გადახედეთ მსოფლიოს. ყველა გაგიჟდა და მარტო ივანიშვილია საღ ჭკუაზე?! აუცილებლად წამიყენებენ კიდევ 35 ბრალს, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ, მაგრამ რომ ვერ ახდენს ივანიშვილი შთაბეჭდილებას ვერავიზე, ეგ როგორ ხდება?! პირიქით, რაც უფრო მეტს აკეთებს, მით უფრო მეტს ეცინება".
„როგორც პუტინის არჩევნების წინ აფეთქდა სახლები და ბევრი ამბობს, რომ არჩევნებზე ამას ჰქონდა შედეგი. ასევე ვიღაცამ მოკლა 8 თვის ბავშვი და ამის შემდეგ აირჩიეს რუსი ოლიგარქი. მე დასკვნები არ გამომაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი რაღაც მიუთითებს რუსულ სტილს. ახლა ჩვენი მეგობრების ლანძღვა ერთმნიშვნელოვნად ჰგავს რუსულ ხელწერას და საქართველო არ არის რუსეთი, ქართველები არ ვართ რუსები და არც არასდროს ვიქნებით, ეს ყველაფერი იმუშავებს ცოტა ხანი. რაც უფრო ისტერიკაში არიან, მით უფრო მეტ გაუგებრობას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში დარჩება, როგორც სამარცხვინო ფურცელი, მაგრამ ერთი ფურცელი ჩვენი ისტორიისა. საქართველო გააგრძელებს არსებობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან განაცხადა, რომ "არ აპირებს მშვიდად უყუროს იმას, რომ ჩემს ქვეყანაში ნადგურდება ის, რისი განადგურებაც 2008 წელს პუტინმა ვერ მოახერხა ტანკებით“.
„ფაქტია, იგივე რაღაც ხდება, მაგრამ ნადგურდება ახლა ტანკების გარეშე. ამიტომ ამაზეც არავინ უნდა ელოდოს ჩემგან განსაკუთრებულ პასიურობას. დღეს ჩამოვედი აქ, ვხვდები პოლონეთის ლიდერებს. ამასწინათ ვიყავი უნგრეთში, შევხვდი უნგრეთის ლიდერს, აქედან მივდივარ უკრაინაში, იქ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებ. ყოველი დღე გაწერილი მაქვს. საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობის, ტელევიზიებთან ბევრი საჯარო გამოსვლა მაქვს, ამ ჩემს გრაფიკში სად უნდა ჩავსვა საქართველოში ჩამოსვლა და "გაზპრომის" კერძო აქციონერის, ოლიგარქის აკვიატებების დაკმაყოფილება, რადგან პუტინმა ასე მოინდომა ან მისი ბოღმა ასე კარნახობს. სად გამოვძებნო დრო, რომ ჩამოვიდე, ჩემი ფეხით ჩავჯდე დილეგში და ამ ყველაფერზე უარი ვთქვა. რა თქმა უნდა, მე ამის დრო არ მაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.





