ამერიკელი სენატორები

პრემიერმა სენატორებს უპასუხა, თუმცა წერილს თავად არ ასაჯაროებს

ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა ტაბულას კითხვებს, - რატომ არ გაასაჯაროვა პრემიერის ადმინისტრაციამ ოთხი სენატორის კრიტიკული წერილი და გაეგზავნათ თუ არა სენატორებს პასუხი, - ოფიციალურად უპასუხა. როგორც პრემიერმინისტრის პრესსამსახურიდან ტაბულას აცნობეს, საპასუხო წერილი სენატორებს დიპლომატიური არხებით უკვე გაუგზავნეს, მისი გასაჯაროება კი ადრესატებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნების საჭიროებას, მათი თქმით, მთავრობის ვებგვერდზე ქვეყნდება მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტები.

”საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მართლაც მიიღო აშშ-ის სენატორების ჯეიმს რიშის, ჯინ შაჰინის, მარკო რუბიოს და ჯონ მაკკეინის წერილი. რაც შეეხება მთავრობის ვებგვერდზე აღნიშნული წერილის გამოქვეყნების საჭიროებას, განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი დღის განმავლობაში არაერთ წერილს იღებს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე - უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისგან. მთავრობის ვებგვერდზე კი ქვეყნდება მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტები.

ასევე გაცნობებთ, რომ სენატორებისადმი საპასუხო წერილი მომზადებულია და მიწოდებულია დიპლომატიური არხების მეშვეობით. წერილის გასაჯაროება კი ადრესატებზეა დამოკიდებული და თუკი სენატორები საჭიროდ ჩათვლიან მის გამოქვეყნებას, მისი შინაარსი თქვენთვისაც გახდება ცნობილი”, - აცხადებს პრემიერის პრესსამსახური.

კომენტარები