საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. როგორც პრემიერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსული იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც პირად საუბარში უთხრა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ემხრობიან მთავარ ოპოზიციურ ძალას, რადგან ის დღითიდღე სუსტდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ პრემიერი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულეზე საუბრობს. მათი განცხადებით, შტეფან ფულე დაახლოებით ათ არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდა და საუბარი იყო არასამთავრობოების როლზე და იმაზე, რომ როცა ოპოზიცია სუსტია, ეს როლი ძალიან დიდია მთავრობის მონიტორინგის საკითხში.
დღეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს ევროკავშირს და იმედოვნებენ, რომ მათი მხრიდან გაკეთდება შესაბამისი განმარტება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკუთარ განცხადებებზე განმარტების გაკეთება საქართველოს პრემიერმინისტრს მოუწევს.




