ოფიციალური ისრაელის განცხადებით, ღაზის სექტორში 7-საათიანი "ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა" შედგება, რა დროსაც ღაზაში მცხოვრებები ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ.
ისრაელის განცხადებით, ცეცხლი არ შეწყდება ქალაქ რაფაში და ისრაელი ჯარისკაცები უპასუხებენ, თუ მათზე შეტევა განხორციელდება. თავდაცვის უწყების ცნობით, რაფაში შეტაკებები კვლავ მიმდინარეობს.
მანამდე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ისრაელის თავდასხმა ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე "კრიმინალურ აქტად" შეაფასა. ოფიციალური პალესტინის განცხადებით, სკოლაზე შეტევისას სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს ღაზის სექტორიდან ჯარისკაცთა ნაწილის გამოწვევა, რადგან ისინი ახლოს არიან მისიის დასრულებასთან, რაც ჰამასის გვირაბების ქსელის დანგრევას გულისხმობს.
ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან - 8 ივლისიდან, ჯამში 1800 პალესტინელია დაღუპული. მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. 9000-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. აღსანიშნავია, რომ პალესტინაში 1.8 მილიონმა მოქალაქემ საცხოვრებელი დატოვა.
რაც შეეხება ისრაელის მსხვერპლს, BBC-ის ცნობით, დაღუპულია 66 ისრაელი. მათ შორის, 2 სამხედროა. ასევე გარდაცვლილია ისრაელში მომუშავე ტაილანდის მოქალაქე.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მწუხარება გამოთქვა, რომ შეტაკებებში გაუმიზნავად უდანაშაულო ადამიანებიც იღუპებიან და ბრალი დასდო ჰამასს "ტერორისტული ცხელი წერტილების" საცხოვრებლებთან ახლოს დამონტაჟებაში.
"ჰამასს აქვს ინტერესი, ღაზაში მცხოვრებები იტანჯებოდნენ. ფიქრობენ, რომ მსოფლიო ბრალს დასდებს ისრაელს მათი წამებისთვის", - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან - 8 ივლისიდან, ღაზიდან ისრაელში 2560 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
ისრაელის მიერ ღაზაში შესვლის მიზეზი იმ სარაკეტო თავდასხმების შეჩერებაა, რასაც პალესტინური დაჯგუფება ჰამასი ისრაელის მიმართულებით ახორციელებს.
ისრაელმა ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. სახმელეთო ოპერაცია - 17 ივლისს. ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.
კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.





