გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიში

გაერო: წამების საქმეები დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს

წამების საქმეები დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.

კომიტეტი შეშფოთებულია, რომ ზოგიერთი გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ გამოძიებათა შორისაა 2006 წლის ციხის ბუნტი, პატიმართა წამების შემთხვევები გლდანის, ქსნის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის ციხეებში, 7 ნოემბერს მომიტინგეთა ძალადობრივი დაშლა, მერეთისა და კარალეთის ინციდენტები და ა.შ.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი უკმაყოფილოა იმით, რომ წამების საქმეების გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ხდება და არა - შესაბამისი მუხლებით.

”შემაშფოთებელია, რომ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საქმეების გამოძიება ხშირად წარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება), ნაცვლად 1441-ე (წამება) და 1443-ე (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებისა", - ნათქვამია ანგარიშში

ანგარიშში წერია, რომ წამების საქმეები დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს.

"სახელმწიფომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც დარღვევებს გამოიძიებს, მათ შორისაა წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა პოლიციელების და სხვა სამართალდამცავების მხრიდან", - ნათქვამია ანგარიშში.

კომიტეტის თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს გამოძიებები გაჭიანურების გარეშე წარიმართება, დამნაშავეები მათი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით დაისჯებიან, ხოლო მსხვერპლებს ეფექტური სამართლებრივი გარანტიები მიეცემათ. სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური დახმარება და ამისთვის შესაბამისი სპეციალისტები უნდა მოამზადოს.

კომენტარები