კაზანტიპის ფესტივალი

აქვა გეო: კაზანტიპის ფესტივალში არ ვმონაწილეობთ

კომპანია აქვა გეო
aquageo.ge

კომპანია აქვა გეო განცხადებას ავრცელებს, სადაც კაზანტიპის ფესტივალში სნოს წყლის მონაწილეობას უარყოფს. კომპანია, რომლის 20%-საც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, საქართველოს საპატრიარქო ფლობს და სწორედ ის აწარმოებს პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოსთან დაკავშირებულ წყალს, იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც კაზანტიპის ფესტივალში საპატრიარქოს ბიზნესინტერესებზე საუბრობდა.

"ნატურალური მინერალური წყალი "სნო"-ს მწარმოებელი კომპანია "აქვა გეო" ანაკლიაში დაგეგმილი ფესტივალის მხარდამჭერად დასახელებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ოფიციალურად აფიქსირებს.

კომპანია "აქვა გეო" სასმელი წყლის მიწოდებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ახორციელებს. "კაზანტიპის" ფესტივალის ორგანიზატორებმა თანამშრომლობისთვის კომპანიის მენეჯმენტს მიმართეს. მათ წინადადებაზე უარი ეთქვათ.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომპანია "აქვა გეო" ფესტივალის ორგანიზატორებთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და შესაბამისად, აღნიშნულ ღონისძიებაში არ მონაწილეობს.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს კომპანია "აქვა გეო" ფესტივალის ექსკლუზიური მხარდამჭერია, სიმართლეს არ შეესაბამება. მივმართავთ ყველას - ხელი არ შეუწყონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, რაც კომპანიის ავტორიტეტის შელახვას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები