კაზანტიპის ფესტივალი

ეპისკოპოსი სპირიდონი: ტერიტორიები ჩვენი არასწორი ცხოვრების გამო დავკარგეთ

სხალთელი ეპისკოპოსის სპირიდონის თქმით, როგორც ებრაელები დასაჯა ღმერთმა გარყვნილების გამო, ისე დაკარგა საქართველომ ტერიტორიები არასწორი ცხოვრების გამო. ამის შესახებ ეპისკოპოსმა ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში თქვა, სადაც კაზანტიპის საწინააღმდეგო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

"ჩვენ დღეს ჩამოვედით, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გველოცა, რათა უფალმა საქართველოს აპატიოს და ააცილოს განსაცდელი. არსებობს მადლი და არსებობს სასჯელი ღვთის. როცა შექმნა ებრაელი ერი ღმერთმა, მიიყვანა დღევანდელი პალესტინის ტერიტორიაზე და უთხრა - ის ხალხი, იქ რომ ცხოვრობს, ისინი უკუღმართობას სჩადიან, საშინელ სისხლის აღრევას და გარყვნილებას, მე ავყრი ეხლა მათ და თქვენ დაგასახლებთო. თქვენ მოგცემთ იქ სახლებს, რომელიც არ აგიშენებიათ, ხეხილის ბაღებს, რომელიც არ გაგიშენებიათ და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მე მათ განმარისხესო. ებრაელებმა ომის დროს ზოგჯერ მარადიორობა დაიწყეს, ღმერთმა სასტიკად დასაჯა და დამარცხებები აგემა. ებრაელებმა მრუშობა დაიწყეს. უფალმა მათ ეკლესია დაუნგრია. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები ჩვენი არასწორი ცხოვრების გამო", - განაცხადა ეპისკოპოსმა სპირიდონმა.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, პატრიარქის ქორეპისკოპოსის თეოდორე ჭუაძის თქმით კი, სამწუხაროდ, საქართველოში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება დაუშვეს.

"ამბობენ, თითქოს ეკლესია წინააღმდეგია ადამიანის გართობის და დასვენებისა, არ არის წინააღმდეგი. ეკლესია წინააღმდეგია აღვირახსნილობისა. ჩვენი მოვალეობაა, ადამიანებს დავანახოთ, რა არის გართობა და რა არის აღვირახსნილობა. ამბობენ, რომ ფესტივალზე არ იქნება ცუდი არაფერი. თუმცა ყველამ ვიცით, რა სახით ფუნქციონირებდა ის ყირიმში. რამდენიმე დღის წინ ყირიმიდან ჩამოვიდა ჩვენთან სამღვდელოება და როცა გაიგეს, რომ კაზანტიპი ტარდება, აღშფოთდნენ. თქვეს, რომ ამან საშინელება მოუტანა ყირიმს. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, არ მიიღოს მონაწილეობა გარყვნილებაში. ამბობენ, თითქოს ყველაფერი დასაშვებია და ადამიანმა ყველაფერში სიამოვნება უნდა მიიღოს. ამას მიჰყავს ადამიანი დაღუპვისკენ. ჩვენ შევთხოვთ უფალს დედა ღვთისმშობლის კვართის წინაშე, მან დაიფაროს საქართველო მსგავსი ფესტივალებისგან. ჩვენ აღვავლინეთ უკვე წირვა. ქადაგების შემდგომ აღვავლენთ ღვთისმშობლის ლოცვას. ანაკლიაში სამ საათზე კი გადავიხდით პარაკლისს", - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა თეოდორემ. 

ხოლო მეუფე სვიმონ ცაკაშვილის თქმით, "ახლა მოდაშია უკომპლექსობა, ვითომდა ჩვენი უკომპლექსობა არის თანამედროვეობა და ევროპელობა. ვითომდა ამ უკომპლექსობაში არის დამალული ცოდვისკენ მიდრეკილება. არ დავხუჭოთ თვალი, თუ ჩვენი ძმა იღუპება, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის დაღუპვა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ფერისცვალებას, ვიცვალოთ ფერი და ამ წუთიდან დავიწყოთ ახალი ცხოვრება. ვისაც ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ წასულიყო უკომპლექსო და უთავმოყვარეო ფესტივალზე, გთხოვთ, თავი შევიკავოთ".

კომენტარები