სეპარატიზმი

ალქსნისი 90-იან წლებში მოსკოვის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერას აღიარებს

ვიქტორ ალქსნისი
wikipedia.org

საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოსკოვში სპეციალური გეგმა - ე. წ. ლუკიანოვის დოქტრინა შეიმუშავეს, რომელიც დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკებში სეპარატიზმის გაღვივებას და მხარდაჭერას ითვალისწინებდა. ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია დოჟდის ეთერში რუსმა პოლიტიკოსმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა წევრმა და საბჭოთა კავშირის ყოფილმა სახალხო დეპუტატმა, პოლკოვნიკმა ვიქტორ ალქსნისმა განაცხადა.

ანატოლი ლუკიანოვი 1990-91 წლებში საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 1991 წლის აგვისტოში კი ГКЧП-ს სახელით ცნობილ გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა, რის გამოც რამდენიმე თვის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. 1994 წელს მას და ГКЧП-ს სხვა მონაწილეებს ამნისტია შეეხოთ.
ვიქტორ ალქსნისის განცხადებით, 1989 წლის არჩევნების შემდეგ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატები, რომლებიც „განაპირა რესპუბლიკების" რუსულენოვან მოსახლეობას წარმოადგენდნენ, ჯგუფ „სოუიზში" გაერთიანდნენ, რომელიც მიზნად საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის ბრძოლას და საბჭოთა რესპუბლიკებში „სეპარატიზმის" წინააღმდეგ კონკრეტული ზომების მიღებას ისახავდა.

„ყველანი მივედით საერთო აზრამდე, რომ აუცილებელია ისეთი სტრუქტურების შექმნა, ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომ საკავშირო რესპუბლიკებს, რომლებიც გამოყოფას აპირებდნენ, გამოეყონ ის რეგიონები, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა ან საბჭოთა კავშირში დარჩენა სურდათ", - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.

მისი თქმით, ამ ჯგუფს დიდი გავლენა საბჭოთა ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვის გადაწყვეტილებებზეც ჰქონდა, რისი შედეგიც მოსკოვის მიერ სეპარატისტთა მხარდაჭერა იყო.

„ჩვენ გვქონდა კონტაქტები თავდაცვის სამინისტროსთან და ის იარაღით ეხმარებოდა, მაგალითად, სამხრეთ ოსეთს", - თქვა ალქსნისმა. ასევე მიმდინარეობდა გასამხედროებული ფორმირებების მომზადება ბალტიის ქვეყნებში.

„ხდებოდა ისე, როგორც ახლა უკრაინაში: რუსეთი ეხმარება ადგილობრივ მოხალისეებს, მაგრამ ეს დახმარება დოზირებულია, რუსეთი ამას არ აღიარებს. ამის მსგავსი რაღაც ხდებოდა 90-91 წელს", - განაცხადა ალქსნისმა.

მისი თქმით, ჯგუფი „სოიუზი" ყველაზე მჭიდროდ თანამშრომლობდა ანატოლი ლუკიანოვთან და ამ გეგმას სწორედ ლუკიანოვის დოქტრინა დაერქვა. სწორედ ამ ჯგუფის ინიციატივით მიიღეს მაშინ კანონი საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან რესპუბლიკების გამოსვლის შესახებ, რომელიც იმდენ დაბრკოლებას აწესებდა, რომ, ალქსნისის თქმით, ფაქტობრივად გასვლას შეუძლებელს ხდიდა. „ამ კანონს ახლაც არ დაუკარგავს იურიდიული ძალა. საბჭოთა კავშირიდან გასვლისას ის არცერთმა რესპუბლიკამ არ შეასრულა", - განაცხადა ალქსნისმა.

მან ანატოლი ლუკიანოვის განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრა: „ჩვენმა საქმიანობამ მოიტანა ის, რომ დღეისთვის მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე არსებობს სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი. აშკარაა, რომ გაჩნდება დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები. ეს არის ლუკიანოვის დოქტრინის შედეგი... ლუკიანოვი საპარლამენტო დონეზე აქტიურ მხარდაჭერას გვიწევდა, ურეკავდა თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების კომიტეტს და ჩვენ მხარდაჭერას ვიღებდით. ჩვენ ამისთვის მისი დიდად მადლიერები ვართ". მისი თქმით, საბჭოთა კავშირის მინისტრების უმრავლესობა მისი ჯგუფის მხარეს იყო და აქტიურად ეხმარებოდა. მიხაილ გორბაჩოვი კი, ალქსნისის მტკიცებით, მათ საქმიანობას ხელს არ უშლიდა და დათმობებზეც მიდიოდა, მაგრამ ლუკიანოვის ჯგუფის საქმიანობით „აღფრთოვანებული არ იყო".

ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკებში სეპარატიზმის შემდგომ მხარდაჭერას ხელი ГКЧП-ს პუტჩმა და საბჭოთა კავშირის სტრუქტურების შემდგომმა ნგრევამ შეუშალა.

„მხოლოდ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის სეპარატისტებმა გაძლეს, ასეულობით ადმიანის მსხვერპლის ფასად. მათ დაამტკიცეს, რომ დაიმსახურეს დამოუკიდებლობის უფლება. ისე მოხდა, რომ ბალტიისპირეთი წავიდა, წავიდა ყაზახეთის ჩრდილოეთი, მაგრამ ჩვენ ჩავებღაუჭეთ პლაცდარმს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში", - განაცხადა ალქსნისმა.
კითხვას, გააგრძელებს თუ არა „ლუკიანოვის დოქტრინა" არსებობას, პოლიტიკოსმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს დოქტრინა კვლავაც მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსეთის გარეთ ცხოვრობს და „გრძნობს სულიერ კავშირს რუსეთთან, არის რუსული ენისა და რუსული კულტურის მატარებელი... ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ".

ალქსნისის აზრით, უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე შესაძლოა ყაზახეთი გახდეს. „დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ტერიტორია შევა რუსეთის შემადგენლობაში. ნაზარბაევის წასვლის შემდეგ ყაზახეთში კიევის მაიდნის მაგვარი მოვლენები დაიწყება და ყაზახეთი ნაზარბაევის გარეშე განწირულია ისევე, როგორც განწირული იყო უკრაინა. არ გამოვრიცხავ, ჩრდილოეთ ყაზახეთი დაბრუნდეს რუსეთის შემადგენლობაში", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, ალქსნისის თქმით, რუსეთის მიზანი არა მათი შემოერთება, არამედ "ფინლანდიზაცია" უნდა გახდეს, რაც ამ ქვეყნებში რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ხელისუფლებების მოსვლას გულისხმობს.

კომენტარები