სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

რუს მოხელეთა სია, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებს, გაფართოვდება

midnimo.com

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხი განიხილეს. დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ რუს მოხელეთა სია, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებს, გაფართოვდება. ამჟამად ამ სიაში 72 ადამიანია. ევროკომისიას კი დაევალა ზომების მომზადება რუსეთისთვის კაპიტალის ევროპულ ბაზრებზე, ასევე სამხედრო და სხვა მაღალ ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვის შესახებ.

ახალი სანქციები ევროკავშირის ლიდერების შემდეგ შეხვედრაზე განიხილება.

"ჩვენ საგარეო საქმეთა კომისიას მივმართეთ, რათა მოვამზადოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის კაპიტალის ბაზრის, ასევე თავდაცვითი პროდუქციისა და მგრძნობიარე ტექნოლოგიების მიწოდების შეზღუდვის შესახებ. მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. ეს წინადადებები ხუთშაბათს იქნება წარმოდგენილი", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანს ტიმერმანსის განცხადებით კი, "კმაყოფილი ვარ იმით, რომ მრავალმა ჩემმა კოლეგამ სოლიდარობა გამოგვიცხადა და მოგვისამძიმრა. ასევე მოხარული ვარ, რომ ძლიერი გადაწყვეტილება ერთხმად მივიღეთ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნიშანია".

კომენტარები