სამთავრობო ცვლილებები

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაასახელა

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრობის კანდიდატად ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა. სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს მინისტრის მოადგილე, იურისტი ოთარ დანელია დაიკავებს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ფილოლოგი გელა დუმბაძე იქნება, ხოლო ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის უფროსი, პროფესიით სამართალმცოდნე დავით შავლიაშვილი უხელმძღვანელებს.

პრემიერმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატად ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დაასახელა, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი დაიკავებს.

რაც შეეხება კულტურის მინისტრს, ეს პოსტი ჯერჯერობით, ვაკანტური რჩება. პრემიერის თქმით, მოლაპარაკება რამდენიმე კანდიდატთან მიმდინარეობს და კულტურის ახალი მინისტრის ვინაობა დღეს საღამოს ან ხვალ გახდება ცნობილი. ასევე ხვალ გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა.

"ჩვენ ვართ ძალიან ეფექტური მთავრობა. ეს განახლება ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ. ასევე, ის ხარვეზები, რომელიც ამა თუ იმ უწყებაში ამ დრომდე დაფიქსირებულა, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოსწორდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატების წარდგენისას და ენმ-ის წევრების შეფასებებს, რომ ეს ცვლილებები ფასადურია, აბსურდული და უსაფუძვლო უწოდა. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. 

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს.

კომენტარები