ეროსი კიწმარიშვილი

პრეზიდენტი: მაქვს განცდა, რომ შესაძლებელია ყოფილიყო სიცოცხლის მოსწრაფება

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მას აქვს განცდა, რომ ეროსი კიწმარიშვილის შემთხვევაში „სავარაუდოდ შესაძლოა ყოფილიყო სიცოცხლის მოსწრაფება" - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს განცდა არ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს და რომ ის ინფორმაციას მედიისგან იღებს:

„შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რა განცდა მქონდა მაშინაც და მქონდა ეხლაც - გამომდინარე იქიდან, რომ ეროსისთან მაკავშირებდა პიროვნული ურთიერთობა. ჩემი განცდა - ეს არ არის დაფუძნებული კონკრეტულ ფაქტებზე, რაც მე ვიცი თქვენგან განსხვავებით, ამ მიმართულებით არ ვერევი გამოძიებაში და მედიისგან ვიღებ ინფორმაციას - არის, რომ, სავარაუდოდ, აქ შესაძლებელია ყოფილიყო მისთვის სიცოცხლის მოსწრაფება. მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არ მქონია რამე დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც თქვენ გაქვთ", - ამბობს პრეზიდენტი.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „თვითმკვლელობაც მკვლელობაა" - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ უწოდა ეროსი კიწმარიშვილის შემთხვევას მკვლელობა:

„ქართული სიტყვა „მკვლელობა" ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლის მოსწრაფებას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი ჩადის თავის თავზე თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. შესაბამისად თვითმკვლელობაც მკვლელობაა და სხვა ფორმის მკვლელობებიც მკვლელობაა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ მე იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია... მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არ მქონია რამე დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც თქვენ გაქვთ," - ამბობს მარგველაშვილი.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „უსწრაფესად უნდა ჩატარდეს გამოძიება", რომელიც საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს.

კომენტარები