ეროსი კიწმარიშვილი

ზურა კიწმარიშვილი: იარაღზე ანაბეჭდის მხოლოდ ფრაგმენტებია

„იარაღის ექსპერტიზა გაგრძელდა. საბოლოო პასუხი არ ვიცი, მაგრამ პირველადი პასუხით, იარაღზე არც ერთი ანაბეჭდი არ არის, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის გამოდგება. იქ ფრაგმენტებია, რომელიც შეიძლება, ნებისმიერი ადამიანისგან მოხვდეს. ფაქტია, რომ იქიდან გამოძიება ვერ გაიგებს, ეს ანაბეჭდები ვის ეკუთვნის“, - ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურა კიწმარიშვილმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა.

როგორც ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რამდენიმე საათში ბალისტიკური ექსპერტიზა დაიწყება. „მსურს დავესწრო, ან ის ადამიანი დავასწრო, ვინც ტექნიკურ პროცედურებში ერკვევა“, - აღნიშნავს ზურა კიწმარიშვილი.

ზურა კიწმარიშვილის თქმით, ტყვია ავტომანქანაში ღვედის სამაგრთან იყო გასული, „სტოიკამ“ არ გაატარა და ქვევით ჩავარდა.

„ამის შესახებ რაღაც კითხვები შეიძლება იყოს, მაგრამ მე კომპეტენტური არ ვარ და ვფიქრობ, გამოძიება ახსნა-განმარტებას გააკეთებს“, - ამბობს ზურა კიწმარიშვილი.  

კომენტარები