საომარი მოქმედებები ისრაელში

ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

Reuters

ისრაელმა პალესტინელი სამხედროების, კერძოდ, ჰამასის წინააღმდეგ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში წერია - "გასული 10 დღის განმავლობაში ჰამასის შეტევების გამო მიწაზე, ჰაერსა თუ ზღვაში და სიტუაციის დეესკალაციაზე შეთავაზების უარყოფის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გადაწყვიტა, დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში. ისრაელის მოქალაქეებმა უნდა იცხოვრონ უსაფრთხოდ და დაცულად, განუწყვეტელი ტერორის გარეშე". ოფიციალური ისრაელისვე თქმით, ეს არის პასუხი ჰამასის მიერ ისრაელზე განმეორებად სარაკეტო თავდასხმებზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელი და პალესტინური დაჯგუფება ჰამასი 5 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა ამ ხნის განმავლობაში მშვიდობიან მოქალაქეებს ღაზის სექტორში საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების მომარაგება შეძლებოდათ. თუმცა, "ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის" პერიოდში ჰამასმა ისრაელის მიმართულებით ნაღმტყორცნიდან ცეცხლი რამდენჯერმე მაინც გახსნა.

ასევე რამდენიმე დღის წინ ეგვიპტემ დაპირისპირებულ მხარეებს "დაზავება" შესთავაზა, რაზეც ისრაელი დასთანხმდა, ჰამასმა კი შეთავაზება უარყო და ზავზე დათანხმება "დანებებად" შეაფასა.

ოფიციალური პალესტინის ცნობით, მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დაიწყო, დაღუპულია 230-ზე მეტი პალესტინელი. ხოლო ჰამასის მიერ სარაკეტო თავდასხმებს 1 ისრაელში მცხოვრები ემსხვერპლა.

ისრაელმა ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო.  ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა. 

კომენტარები