საომარი მოქმედებები ისრაელში

ისრაელსა და პალესტინას შორის 72-საათიანი ზავი ამოქმედდა

AP

ოფიციალურმა ისრაელმა ღაზის სექტორიდან თავისი ჯარისკაცების გამოწვევისა და ღაზის გარეთ მათი თავდაცვით პოზიციებზე გადაყვანის შესახებ გამოაცხადა. ისრაელის ინფორმაციით, მათი ძირითადი მიზანი, დაენგრია ჰამასის გვირაბების ქსელი, მიღწეულია.

ისრაელის არმიის სპიკერის პიტერ ლერნერის განცხადებით, ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორი 72-საათიანი ზავის ამოქმედებამდე დატოვეს.

BBC-ის ინფორმაციით, ჰამასი დათანხმდა ისრაელთან 3-დღიან ზავს, რომელიც ძალაში დღეს დილიდან, ადგილობრივი დროით, 08.00 საათიდან შევიდა.

ზავზე შეთავაზება ეგვიპტურ მხარეს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტემ ადრეც შესთავაზა დაპირისპირებულ მხარეებს "დაზავება", თუმცა, ჰამასი მას არ დათანხმდა.

დაზავება ასევე ითვალისწინებს დაპირისპირებული მხარეების კაიროში შეხვედრასა და მოლაპარაკებებს.

გაეროს გენერალური მდივანი მიესალმა ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარეს მოუწოდა, გამართონ მოლაპარაკებები ეგვიპტეში, რაც შეიძლება მალე.

ზავის ძალაში შესვლამდე იერუსალიმი და თელ-ავივი სირენების ხმაურმა მოიცვა, რადგან ჰამასის სამედროებმა რაკეტები ისრაელის მიმართულებით გაუშვეს.

ღაზის ინფორმაციით, 4-კვირიან კონფლიქტში ჯამში 1800 პალესტინელი და 67 ისრაელია დაღუპული.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მწუხარება გამოთქვა, რომ შეტაკებებში გაუმიზნავად უდანაშაულო ადამიანებიც იღუპებიან და ბრალი დასდო ჰამასს "ტერორისტული ცხელი წერტილების" საცხოვრებლებთან ახლოს დამონტაჟებაში.

"ჰამასს აქვს ინტერესი, ღაზაში მცხოვრებები იტანჯებოდნენ. ფიქრობენ, რომ მსოფლიო ბრალს დასდებს ისრაელს მათი წამებისთვის", - თქვა ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, ისრაელის ძირითადი მიზანი იყო, ისრაელში მცხოვრებებისთვის სიმშვიდე და უსაფრთხოება დაებრუნებინა.

ისრაელმა საჰაერო ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო, სახმელეთო - 17 ივლისს. ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

კომენტარები