საომარი მოქმედებები ისრაელში

ღაზის სექტორში გუშინდელი საჰაერო თავდასხმებისას 5 ადამიანი დაიღუპა

AP

ღაზის სექტორში გუშინდელი საჰაერო თავდასხმებისას 5 ადამიანი დაიღუპა. პალესტინური დაჯგუფება ჰამასი კი ისრაელის დაბომბვას აგრძელებს. დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 6 რაკეტა გაუშვა, თუმცა, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაძაბულობა ასევე განახლდა დასავლეთ სანაპიროზე, სადაც დემონსტრანტებსა და ისრაელ სამხედროებს შორის შეტაკებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 პალესტინელი სროლის შედეგად დაიღუპა.

პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდასხმების შედეგად 3 მეჩეთი დაინგრა.

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საჰაერო შეტევა მას შემდეგ განაახლა, რაც პალესტინელმა სამხედროებმა 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავის დასრულებისთანავე, პარასკევს, ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ისრაელის არმიამ განახლებულ სარაკეტო თავდასხმას "მიუღებელი, აუტანელი და მყისიერ შედეგზე გათვლილი" უწოდა.

პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელსაც ღაზის სექტორზე კონტროლი აქვს დამყარებული, უარყო ნებისმიერი სახის ზავი, რადგან მისი წარმომადგენლების თქმით, დაჯგუფების მოთხოვნებს ისრაელი არ აკმაყოფილებს.

გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დაღუპულია 1900 პალესტინელი.

ისრაელის მხრიდან კი 67 ადამიანი დაიღუპა, 3 მშვიდობიანი მოქალაქის ჩათვლით.

ისრაელმა საჰაერო ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო, სახმელეთო - 17 ივლისს, რომელიც 5 აგვისტოს დაასრულა, რადგან ისრაელის ძირითადი მიზანი დაენგრია ჰამასის გვირაბების ქსელი, მიღწეულია. ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთი რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

კომენტარები