ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ჩიხრაძე: კიწმარიშვილი ამბობდა, რუსთავი 2-ის საქმეზე გაჩხერილი ძვალივით ვარო

ახალი მემარჯვენეები

ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მას თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენჯერმე შეხვდა და რუსთავი 2-ზე ესაუბრა. როგორც ჩიხრაძემ გადაცემა თეორემაში თქვა, კიწმარიშვილმა უთხრა, რომ თუ რუსთავი 2-ის დასაბრუნებლად სამართლებრივი გზა არსებობს, ეს აუცილებლად მასზე უნდა გასულიყო.

"ბევრი რამ ვიცი. ბოლოს შევხვდი რამდენჯერმე. ეს შეხვედრები მისი ინიციატივით პოლიტიკას უკავშირდებოდა, მაგრამ ბევრი მელაპარაკა რუსთავი ორზეც. მას ეს თემა ძალიან ბუნებრივად აწუხებდა, აწვალებდა, მოძრაობდა, ხვდებოდა ადამიანებს. ამბობდა, რომ თუ არსებობს რუსთავი 2-ის საქმეზე სამართლებრივი გზა, აუცილებლად უნდა გავიდეს ჩემზე. იმიტომ, რომ აბსოლუტურად კანონიერი დოკუმენტი არსებობს თუ როგორ გადაფორმდა წილი დანარჩენი ორი მოწილისგან (ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი) მასზე და როგორ გაჩნდა საქმე ქიბარ ხალვაში. ის ამბობდა, რომ ცდილობენ, ქიბარ ხალვაშის, აქიმიძის და დვალის ერთმანეთთან დაკავშირებას, მაგრამ ეს ვერ გამოვა, რადგან მე ვარ მთავარი რგოლიო. ძალიან აჟიტირებული იყო. ამბობდა - ახლა ყველაფერს ცდილობენ, რომ როგორმე მე არ ვიყო ამ საქმეში, ყელში გაჩხერილი ძვალივით ვარო" - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა თეორემაში.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში 15 ივლისს იპოვეს. მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც მის სახელზე გარდაცვალების დღეს დარეგისტრირდა. 

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. ამასთან, გარდაცვლილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, იარაღზე სისხლის კვალი არ იყო.

გარდა ამისა, სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, სხვა მხარეს არის შეტრიალებული. რუსთავი 2-ის სიუჟეტში მტვრიანი სათვალთვალო კამერა აჩვენეს, რომელსაც ნათითურები ეტყობა და სხვა მხარესაა მიბრუნებული.

კომენტარები