ეროსი კიწმარიშვილის საქმე

მაია ნიკოლაიშვილი: კიწმარიშვილის იარაღზე სისხლის ლაქები არ აღმოჩნდა

დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით, "იარაღზე, რომელიც პოლიციამ ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში იპოვა, ვიზუალური დათვალიერებით, სისხლის კვალი არ ჩანს". ნიკოლაიშვილმა ის მანქანა დაათვალიერა, რომელშიც კიწმარიშვილის ცხედარი იპოვეს. ექსპერტი ასევე დაესწრო იარაღის დათვალიერებას ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 

აღსანიშნავია, რომ იგივე განაცხადა გუშინ გარდაცვლილის ძმამ ზურა კიწმარიშვილმა. 

”მე ვნახე იარაღი, რომელიც როგორც ამბობენ მიბჯენით იყო გამოყენებული, მასზე არ იყო სისხლის კვალი. სხვაგან ყველგან იყო სისხლის კვალი. საკმაოდ ახლოს ვნახე იარაღი და ეს ჩემთვის საკმაოდ უცნაური დეტალი იყო”, - თქვა კიწმარიშვილმა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში 15 ივლისს იპოვეს. მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც მის სახელზე გარდაცვალების დღეს დარეგისტრირდა. 

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. ამასთან, გარდაცვლილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, იარაღზე სისხლის კვალი არ იყო.

გარდა ამისა, სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, სხვა მხარეს არის შეტრიალებული. რუსთავი 2-ის სიუჟეტში მტვრიანი სათვალთვალო კამერა აჩვენეს, რომელსაც ნათითურები ეტყობა და სხვა მხარესაა მიბრუნებული. გავრცელებული ინფორმაციით, ეს კამერა ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის სურვილით დამონტაჟდა. უცნობია, კამერის შეტრიალება ტრაგედიამდე მოხდა თუ მის შემდეგ. 

კომენტარები