ეროსი კიწმარიშვილის საქმე

გავრცელებული ინფორმაციით, კიწმარიშვილის მანქანიდან 20 ათასი ლარი დაიკარგა

ეროსი კიწმარიშვილის საქმეში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა ის მანქანა დაათვალიერა, რომელშიც კიწმარიშვილის ცხედარი იპოვეს. ექსპერტი ასევე დაესწრება იარაღის დათვალიერებას ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მაია ნიკოლაიშვილი დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

დღეს საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს მანქანიდან 20 ათასი ლარი დაიკარგა. თანხა რუსთავის საარჩევნო შტაბის წევრებისთვის იყო განკუთვნილი. ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, რომ მანქანაში საბანკო ქვითრები ნამდვილად იყო და შესაძლოა მას თანხა მართლაც ჰქონოდა.

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები იმავე პოზიციაზე რჩებიან და თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში 15 ივლისს იპოვეს. მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც მის სახელზე გარდაცვალების დღეს დარეგისტრირდა. 

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. ამასთან, გარდაცვლილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, იარაღზე სისხლის კვალი არ იყო.

გარდა ამისა, სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, სხვა მხარეს არის შეტრიალებული. რუსთავი 2-ის სიუჟეტში მტვრიანი სათვალთვალო კამერა აჩვენეს, რომელსაც ნათითურები ეტყობა და სხვა მხარესაა მიბრუნებული. გავრცელებული ინფორმაციით, ეს კამერა ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის სურვილით დამონტაჟდა. უცნობია, კამერის შეტრიალება ტრაგედიამდე მოხდა თუ მის შემდეგ. 

კომენტარები