ეროსი კიწმარიშვილის საქმე

უსუფაშვილი კიწმარიშვილის საქმეზე: გამოძიება სწრაფი და დამაჯერებელი უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "დღეისთვის ნათელი მხოლოდ ის არის, რომ ეს არ იყო ბუნებრივი სიკვდილი". პარლამენტის თავმჯდომარე ვაკეში, ეროსი კიწმარიშვილის სახლში იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამუცხადა. 

"საშინელი ამბავი მოხდა და ვუსამძიმრებ ყველას. ეროსი ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო ახლობელი ადამიანი. მეც მათ რიცხვში ვთვლი საკუთარ თავს, რადგან დაახლოებით 20 წლის წინ შევხვდით ერთმანეთს და მას შემდეგ ძალიან აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. საშინელი ამბავია. ყველას ვუსამძიმრებ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოჯახს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს.

"რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა, ამაზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი. დღეისთვის ნათელი მხოლოდ ის არის, რომ ეს არ იყო ბუნებრივი სიკვდილი. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ვინ და რატომ გამოკრა სასხლეტს ხელი, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება დამაჯერებლად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში 15 ივლისს იპოვეს. მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც მის სახელზე გარდაცვალების დღეს დარეგისტრირდა. 

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. ამასთან, გარდაცვლილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, იარაღზე სისხლის კვალი არ იყო.

გარდა ამისა, სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, სხვა მხარეს არის შეტრიალებული. რუსთავი 2-ის სიუჟეტში მტვრიანი სათვალთვალო კამერა აჩვენეს, რომელსაც ნათითურები ეტყობა და სხვა მხარესაა მიბრუნებული. გავრცელებული ინფორმაციით, ეს კამერა ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის სურვილით დამონტაჟდა. უცნობია, კამერის შეტრიალება ტრაგედიამდე მოხდა თუ მის შემდეგ. 

კომენტარები