ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ბოკერია კიწმარიშვილის საქმეზე: მთელ საზოგადოებას აქვს შეშფოთების საფუძველი

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მთელ საზოგადოებას აქვს შეშფოთების და კითხვების დასმის საფუძველი. ამასთან, ბოკერია აღნიშნავს, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდება და წინასწარ დასკვნებს არ გააკეთებს.

"რა თქმა უნდა, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო მის ოჯახს და მეგობრებს. ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს და წინასწარ დასკვნებს არ გავაკეთებთ, მაგრამ იმაზე დაყრდნობით, რაც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი, მთელ საზოგადოებას აქვს საფუძველი როგორც შეშფოთების, ისე კითხვების დასმის. ეს კითხვები ეხება პირველ რიგში იმას, რომ თვითმკვლელობის ვერსია არ გამოიყურება დამაჯერებლად. ოჯახის წევრების, მისი ახლობლების თვალსაზრისით, მისი საჯარო გამოსვლები არანაირ წინაპირობას არ იძლეოდა. თვითონ გარდაცვალების გარემოებები და სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაფიქსირებული პოზიციები კიდევ უფრო ბუნდოვანს ქმნის ვითარებას - ეს ეხება სათვალთვალო კამერას, იარაღის შესყიდვას და ა.შ. და ბოლოს, მისი საჯარო გამოსვლები ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის კონტექსტში პირდაპირ უპირისპირდებოდა ივანიშვილის მთავრობის ამოცანებს. ეს ყველაფერი გვაძლევს შეშფოთების და კითხვების საფუძველს, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დაველოდებით გამოძიებას და გამოძიების პასუხს ყველა ამ კითხვაზე", - განაცხადა ბოკერიამ.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში 15 ივლისს იპოვეს. მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც მის სახელზე გარდაცვალების დღეს დარეგისტრირდა. 

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. ამასთან, გარდაცვლილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, იარაღზე სისხლის კვალი არ იყო.

გარდა ამისა, სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, სხვა მხარეს არის შეტრიალებული. რუსთავი 2-ის სიუჟეტში მტვრიანი სათვალთვალო კამერა აჩვენეს, რომელსაც ნათითურები ეტყობა და სხვა მხარესაა მიბრუნებული. გავრცელებული ინფორმაციით, ეს კამერა ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის სურვილით დამონტაჟდა. უცნობია, კამერის შეტრიალება ტრაგედიამდე მოხდა თუ მის შემდეგ. 

კომენტარები