ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ომბუდსმენი კიწმარიშვილის საქმეზე: ჩართვის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ

უჩა ნანუაშვილი

"იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების ეფექტურობაზე დაისმება კითხვები, ჩვენი ოფისი ჩაერთვება პროცესში, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის შეფასებისას განაცხადა.

"ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია საკმარისი მტკიცებულებები, რომ რაიმე განცხადება გავაკეთოთ. გამოძიება, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, როგორც მე ვიცი", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში 15 ივლისს იპოვეს. მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც მის სახელზე გარდაცვალების დღეს დარეგისტრირდა. 

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. ამასთან, გარდაცვლილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, იარაღზე სისხლის კვალი არ იყო.

გარდა ამისა, სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, სხვა მხარეს არის შეტრიალებული. რუსთავი 2-ის სიუჟეტში მტვრიანი სათვალთვალო კამერა აჩვენეს, რომელსაც ნათითურები ეტყობა და სხვა მხარესაა მიბრუნებული. გავრცელებული ინფორმაციით, ეს კამერა ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის სურვილით დამონტაჟდა. უცნობია, კამერის შეტრიალება ტრაგედიამდე მოხდა თუ მის შემდეგ. 

კომენტარები