ენერგეტიკა

ენერგო-პრო ჯორჯია: დენის ტარიფი ერთი ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს

A bird flies over the spillway of the Sayano-Shushenskaya hydroelectric power station near the settlement of Cheryomushki in Khakassia region
? Ilya Naymushin / REUTERS

ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორის ნიკოლაი ნიკოლოვის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სექტემბერიდან ელექტროენერგიის ტარიფი ერთი ან ნახევარი თეთრით გაიზრდება. ტარიფების ახალი მეთოდოლოგია საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა და ენერგო-პრო ჯორჯიასთან მიმართებით 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ მეთოდოლოგიაზე მისი კომპანია ერთი წლის განმავლობაში, კომპანია სემეკთან ერთად მუშაობდა.

"ყველა მონაცემი, რაც სჭირდებოდა კომისიას ტარიფის დასადგენად, უკვე მივაწოდეთ. მე არ მაქვს შენიშვნა ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. მჯერა, რომ კომისია კარგად დაინახავს კომპანიის საჭიროებებს და ინვესტიციებს. თუ იქნება საჭირო ინვესტიცია, ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეს დამოკიდებულია ქსელის მდგომარეობაზე. თუ უნდა კომისიას და მთავრობას, რომ იყოს კარგი მდგომარეობა ქსელში, ტარიფმა უნდა აიწიოს. 2015 წლისთვის ჩვენ შევიმუშავეთ სამწლიანი გეგმა ინვესტიციებზე, ჩავაბარეთ კომისიას და ეს უკვე არის განხილვის თემა. ენერგო-პრო ჯორჯია ერთ წელიწადში 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, 3 წელიწადში ინვესტიციის მოცულობა 300 მლნ იქნება. დღეს ვერ ვიტყვი ცალსახად, ტარიფი რამდენით გაიზრდება, რადგან იქ ბევრი კომპონენტია, ამ ინვესტიციების ფარგლებში ტარიფი ან ერთი თეთრით ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს", - უთხრა ნეტგაზეთს ნიკოლაი ნიკოლოვმა.

ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის. კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფზე, ვალიშვილი პასუხობს, რომ "ტარიფი მნიშვნელოვნად ნამდვილად არ გაიზრდება, თუმცა, გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს". მისივე თქმით, "ტარიფი პრაქტიკულად არ გადაანგარიშებულა რამდენიმე წელია".

სემეკის ორგანიზებით, ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართა. პრეზენტაციას სემეკის წევრები, ელექტროენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებამდე არაზუსტი გათვლები კეთდებოდა და ტარიფების განახევრების რესურსი რეალურად არ არსებობდა. ამასთან, მთავრობამ დენის ტარიფი 3 თეთრით გააიფა. ენერგო-პრო ჯორჯიას იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კილოვატსაათის ჩათვლით მოიხმარენ დენს, ტარიფი 9.44 თეთრია, 101-დან 301-ის ჩათვლით - 12.98 თეთრი.

კომენტარები