ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: უკრაინა გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქისგან, ჩვენ ეს წინ გვაქვს

www.ipn.ge

საქართველოს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "უკრაინა უკვე გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქი იანუკოვიჩისგან, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს". მერაბიშვილი სააპელაციო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მიესალმა უკრაინის ყოფილ შს მინისტრ იური ლუცენკოს და აღნიშნა, რომ "ლუცენკომ უკვე გამოიარა ის, სადაც დღეს ჩვენ ვდგავართ". როგორც ყოფილმა პრემიერმა თქვა, ვარდების რევოლუცია ჯერ საქართველოში მოხდა, შემდეგ უკრაინაში, თუმცა, უკრაინა წინ არის დემოკრატიის კუთხით.

ვანო მერაბიშვილის თქმითვე, "სასამართლო პროცესი ისეთივე სასაცილო და სამარცხვინოა, როგორიც იური ლუცენკოს შემთხვევაში იყო". ენმ-ის გენერალურმა მდივანმა მიმართა მოსამართლეს და პროკურორს და უთხრა, რომ ეს სასამართლო პროცესები მათ ცხოვრებაში ყველაზე სამარცხვინო იქნება. 

"მივესალმები ჩემს მეგობარს. ჩვენ კიდევ ერთად ვიბრძოლებთ და გავათავისუფლებთ ქვეყანას ოლიგარქებისა და ოკუპანტებისგან", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და პროცესი დატოვა. სასამართლო სხდომა დატოვეს მისმა მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმაც, ასევე იური ლუცენკომ. უკრაინის ყოფილმა შს მინისტრმა დარბაზიდან გასვლისას მოსამართლეს მიმართა - "თქვენ უფრო გეშინიათ, ვიდრე ვანოს" და აღნიშნა, რომ მისი პატიმრობის გადაწყვეტილების მიმღებმა მოსამართლემ 4-წლიანი სასჯელი მიიღო.

კომენტარები