გიგაური უგულავას საქმეზე: სამართალდამცავებს უნდა ეფიქრათ ქვეყნის იმიჯზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, ტაბულას გადაცემა ფოკუსში სტუმრობისას კომენტარი ენმ-ს საარჩევნო შტაბის უფროსის წინასაარჩევნო პერიოდში დაპატიმრებაზე გააკეთა. გიგაურის თქმით, უგულავას დაკავება მორატორიუმის დარღვევაა, ხოლო სამართალდამცავებს ქვეყნის იმიჯზე უნდა ეზრუნათ.

”ჩვენ შევაფასეთ ეს ფაქტი, როგორც მორატორიუმის დარღვევა. იმასაც ვაფიქსირებთ, რომ არანაირი თანამდებობა ადამიანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და ეს უნდა იყოს ყველასათვის პრინციპი, როცა საუბარი არის სამართალდამცავ უწყებებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან კარგი განცხადება, რომ სამართალდამცავმა უწყებებმაც უნდა იზრუნონ ქვეყნის იმიჯზე. და ამიტომ საერთო კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი.

საერთო კონტექსტი კი ის არის, რომ ეს ადამიანი იყო შტაბის უფროსი. ის არ იყო მკვლელი, არ იყო მოლოდინი, რომ იგი ვიღაცას მოკლავდა. ძალადობრივი ტიპის დანაშაულზე არ იყო საუბარი. არსებობდა მორატორიუმი, მორატორიუმი საუბრობდა იმაზე, რომ თუკი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს და რაღაც სასწაული არ ხდება ამ ადამიანის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. უფრო სწორედ, ის არ უნდა იყოს დაკითხული ან მის წინააღმდეგ რაღაც კონკრეტული ზომები არ უნდა იქნეს მიღებული, იმისთვის რომ შეეზღუდოს მას გარკვეული აქტივობები. გასაგებია რომ ეს არ არის რაღაც სამართლებრივი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა. ეს იყო უბრალოდ შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის და მისი მიზანი იყო ის, რომ ქვეყანაში ყველას ეთქვა, რომ ჩატარდა მართლაც დემოკრატიული არჩევნები და არ იყო შეზღუდული არც ერთი პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიეღო არჩევნებში ან სწორად დაეგეგმა წინასაარჩევნო კამპანია. სწორედ ამას ემსახურებოდა მორატორიუმი. ეს მოდიოდა თავად აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მოდიოდა უწყებათასორისი კომისიიდან, რომელშიც წარმოდგენილი იყო ასევე პროკურატურა და შსს. უწყებათაშორისი კომისია არის შექმნილი ზუსტად იმიტომ, რომ კოორდინირებულად იმოქმედონ უწყებებმა” - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით სამართალდამცავ ორგანოებს შეეძლოთ წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინება და პატიმრობის ნაცვლად, გადაადგილების შეზღუდვის მოთხოვნა წამოეყენებინა.

”მაშინ როდესაც საარჩევნო შტაბის უფროსი არის დაკავებული და თანაც, მე მახსენდება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პრემიერი საუბრობდნენ იმაზეც, რომ მიმალვას აპირებდა ეს ადამიანი, თუმცა თავად სასამართლოზე, სადაც ჩვენ დამკვირვებლები გვყავდა მტკიცებულებები იმაზე კი არ იყო წარმოდგენილი, რომ იგი მიმალვას აპირებდა, არამედ იმაზე, რომ მან სავარაუდოდ ზეწოლა მოახდინა მოწმეზე. ანუ სულ სხვა რაღაცის გამო გამოიტანა სასამართლომ ის გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებაც გამოიტანა. აქედან გამომდინარე, მე მაინც კარგი მგონია, რომ სამართალდამცავ უწყებებს ნამდვილად ეფიქრათ ქვეყნის იმიჯზე, გაეთვალისწინებინათ ის, რომ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, ვინ არის ეს ადამიანი და ბოლოსდაბოლოს როცა შევიდნენ სასამართლოზე კონკრეტული მოთხოვნით მაგალითად ეს არ ყოფილიყო პატიმრობა, იგივე თუ მათ ეგონათ რომ იგი გადაკვეთდა საზღვარს და არ დაბრუნდებოდა, უბრალოდ აი ეს ადგილების შეზღუდვაზე ყოფილიყო იქ საუბარი, რაც ასევე არ გაკეთდა. ჩვენ ვაფასებთ რომ ეს არის მორატორიუმის დარღვევა” - განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები