ათი საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლების 6.84 %-მა მიიღო მონაწილეობა. ამ დროისთვის თბილისში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.9%-მა დააფიქსირა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია.
ცესკოს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, პროცედურული ხარვეზების უმრავლესობა კი, ადგილზე აღმოიფხვრა.
მან ასევე შეაფასა ოზურგეთში 55-ე საარჩევნო უბანზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირება. ცესკოში აცხადებენ, რომ დაპირისპირება საარჩევნო უბნის გარეთ მოხდა, რასაც არჩევნების მსვლელობისთვის ხელი არ შეუშლია.
ცნობისთვის, დღეს ხმაური იყო ოზურგეთის 60/55 საარჩევნო უბანზე. პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატის შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერი, სოსო ერქომაიშვილი აცხადებს, რომ მას ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კოალიცია ქართული ოცნება აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს.




