საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "თუ თქვენ გსურთ, რომ კვლავ საბოტაჟის მსხვერპლი გახდეთ, მაშინ ხმა მიეცით ნიკა მელიას. თუ გსურთ, რომ უნდა მისცეთ ხმა განვითარებას, უნდა მისცეთ ხმა დავით ნარმანიას". პრემიერის თქმით, მეორე ტური მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და ქართული დემოკრატიის განვითარებისათვის. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ და ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მოწოდებულია ქვეყანაში დემოკრატიის განსავითარებლად. პრემიერი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ყველგან კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატები გაიმარჯვებენ.
"მათ უბრალოდ ვერ გადალახეს პირველ ტურში 50%-იანი ბარიერები, რომლებიც პირადად ჩემი ინიციატივით დაწესდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და გუშინდელ დებატებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, დავით ნარმანიამ ღირსეულად დაამარცხა თავისი კონკურენტი.
"ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ისევ მელია. თუმცა მიმაჩნია, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება. ჩვენ, გასულ წელს ძალიან რთული კოჰაბიტაციის პერიოდი გავიარეთ, ძალიან კარგად გვახსოვს, მით უმეტეს, თბილისის მცხოვრებლებს, თუ როგორ მიზანმიმართულ საბოტაჟურ პოლიტიკას ახორციელებდა ყოფილი მერი გიგი უგულავა და მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურები. ანალოგიური საბოტაჟის ნიშნები შეინიშნებოდა დედაქალაქის გარდა სხვა რეგიონებში. ჩვენ მეორე ტურით დავასრულებთ საბოტაჟს", - თქვა ღარიბაშვილმა.
12 ივლისს, თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში, ასევე ცამეტ თვითმმართველ თემში მერობის და გამგებლობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.





