ცესკო კომპანიების აქციაზე: არჩევნებში მონაწილეთა ზრდის მცდელობას მივესალმებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბიზნესკომპანიების ინიციატივა, რომელიც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ ფასდაკლებებს სთავაზობს, კანონიერია. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, აქციის განხორციელებაში ცესკო ჩართული არ არის, თუმცა, მისი შეფასებით, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის მცდელობა მისასალმებელია.

"სარეკლამო კლიპი ემსახურება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდას, რაც ბიზნესკომპანიებს სურთ გამოიყენონ კომერციული მიზნებისთვის. საარჩევნო კანონმდებლობით არ არის აკრძალვა, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა რომელიმე ბიზნესკომპანიამ გამოიყენოს თავისი კომერციული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვყოფილვართ ამაში ჩართულები და არც უნდა ვყოფილიყავით. ეს არის ბიზნესკომპანიების იდეა და შესაბამისად მათი აქტივობა. არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის გასაზრდელად აქტივობა მისასალმებელია. ამის ხელშეწყობა არის დადებითი. თუ ბიზნესკომპანიები ამას თავიანთი კომერციული მიზნებისთვის იყენებენ, ეს ჩვენი საქმე აღარ არის“, - აღნიშნავს აზარაშვილი.

ცნობისთვის, ამომრჩევლები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ მაკდონალდსა და ვენდისში, 22%-იანი ფასდაკლებით - აფთიაქებში - PSP, ავერსსა და GPC-ში, 15%-იანი ფასდაკლებით - გუდვილსა და სმარტში, ასევე 5-თეთრიან ფასდაკლებას მიიღებენ გალფსა და ვისოლში.

სარეკლამო რგოლში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ, გამოცხადნენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.

კომენტარები