დეპუტატის უფლებამოსილება

ბარამიძე: დეპუტატის სტატუსის შესახებ კანონი დაირღვა და შსს-ში არ შეგვიშვეს

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი გიორგი ბარამიძე პარლამენტის თავმჯდომარეს და პროკურატურას მიმართავს, მისი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ ოფისში არშეშვების ფაქტზე რეაგირება მოახდინონ. ბარამიძის თქმით, სამინისტროში ის თანაგუნდელებთან ერთად ლევან ბეჟაშვილის დაკავების შემდეგ მივიდა, სადაც მას განუცხადეს, რომ მინისტრის ბრძანების შესაბამისად შენობაში მათი შეშვების უფლება არ ჰქონდათ. დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტით დეპუტატის სტატუსის შესახებ კანონი დაირღვა, რასაც სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.

"პარლამენტის თავმჯდომარეს და პროკურატურას ოფიციალურად ვუგზავნი მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ყველა ადეკვატური ნაბიჯი გადაიდგას აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით. როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავას დაპატიმრების დროს შეხლა-შემოხლა მოხდა და დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი დააკავეს, მივედით შს სამინისტროს მთავარ ოფისში. იქ ჯარისკაცებმა განგვიცხადეს, რომ მინისტრის ბრძანებით არ გვიშვებდნენ. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონის კიდევ ერთი დარღვევა დეპუტატის დაპატიმრებასთან ერთად. ამასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს მოქმედებები, რომელიც ადეკვატური იქნება როგორც პარლამენტის, ისე პროკურატურის მხრიდან”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბარამიძემ.

კომენტარები