ღაზის სექტორი

ისრაელმა ღაზიდან თელ-ავივის მიმართულებით ნასროლი რაკეტები ჩამოაგდო

ღაზის სექტორში ისრაელის მიერ წარმოებული სპეცოპერაციის - „უძლეველი კლდის“ ფონზე, თელ-ავივის მიმართულებით, ღაზიდან რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რომელიც ისრაელელების საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ისრაელის განცხადებით, ტერირისტების ხელში არსებული რაკეტები საფრთხეს უქმნიან ისრაელის 3,5 მილიონ მოსახლეს, რისთვისაც ჰამასს ფასის გადახდა მოუწევს. ტერორისტებს რაკეტების გაშვება ღაზის სექტორიდან 40-80 მილის დაშორებით შეუძლიათ.

BBC-ის ცნობით, ჯამში დღის განმავლობაში ღაზადან ისრაელის მიმართულებით სულ 131 რაკეტა გაუშვეს. თელ-ავივში სარაკეტო თავდასხმამდე, ისევე როგორც ქვეყნის სხვა მრავალ დასახლებულ პუნქტში, სირენების ხმა ისმოდა. 

ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზად, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა იქცა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მოკვლით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვანის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალენსტინელის მკვლელობაში ისრაელელი ჯარისკაცები დაადანაშაულოა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

ისრაელის მთავრობა აფრთხილებს ღაზის სექტორში მცხოვრებ მოქალაქეებს თავი შორს დაიჭირონ ჰამასისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ისრაელის სამხედრო მოქმედებების მსხვერპლად იქცევიან. ისრაელმა გუშინ გამაფრთხილებელი ფურცლები ჩამოყარა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდა, არ შეუშვან სახლში ჰამასის წარმომადგენლები და არ შეინახონ მათი არსენალი. პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად 20 ადამიანია მკვდარი.

კომენტარები