დაპირისპირება სასამართლოსთან

ცაგარეიშვილი: ბეჟაშვილის დაკავებაზე პარლამენტმა შს მინისტრს კითხვა გაუგზავნა

რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა შს მინისტრს სპეციალური შეკითხვა გაუგზავნა, რათა დაადგინონ ყველა გარემოება, რაც დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სამსაათიან დაკავებას შეეხება.

"მოვუწოდებ შს სამინისტროს, ყველა დაკავებისას, როდესაც ეს ეხება განსაკუთრებით პარლამენტის წევრებს, ძალიან სათუთად მოეპყრონ ამ თემას. კარგად გაარკვიონ დაკავებული პირის ვინაობა, მაგრამ იმ ორომტრიალში, რასაც გუშინ საქალაქო სასამართლოსთან ჰქონდა ადგილი, სამწუხაროდ, რთულად გასარჩევი იყო ვინ იყო პარლამენტის წევრი და ვინ - არა", - თქვა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილის თქმით, ის, რაც მოხდა გუშინ საქალაქო სასამართლოში, ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო.

ცაგარეიშვილის თქმით, დღეს გაიმართა თათბირი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგანგებოდ ჩაატარა და გარკვეული დრო სწორედ ლევან ბეჟაშვილის დაკავების საკითხსაც დაეთმო.

"გადაიგზავნა სპეციალური შეკითხვა შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით. დავადგენთ ყველა გარემოებას, რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილის სამსაათიან დაკავებას. თუმცა, ამასთან მინდა პარალელი გავავლო 2011 წლის 26 მაისთან, როდესაც პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი სააკაშვილის ნაძირლებმა დააკავეს რუსთაველის გამზირზე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაადეს ხელბორკილი, ჩააგდეს ავტობუსში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. როდესაც მისი ჩხრეკის შემდეგ დაადგინეს, რომ ის არის პარლამენტარი, ფაქტობრივად ავტობუსიდან გადმოაგდეს. როდესაც ბატონი დავით ბაქრაძე ყელმოღერებით ნოტაციას მიკითხავს, რომ თურმე დასადგენი არიან ის ადამიანები, ვინც გუშინ შეურაცხყოფას აყენებდნენ ბატონ ბეჟაშვილს, ბატონ ბაქრაძეს მინდა შევახსენო, რომ მისი თავმჯდომარეობის დროს, კარლო კოპალიანი, დეპუტატი დააკავეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და თუ მოუკითხია ოდესმე ეს დავით ბაქრაძეს, ახლა რომ ყველაზე დიდი დემოკრატი გახდა", - თქვა გიორგი ცაგარეიშვილმა.

გუშინ, სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირებისას დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი დააკავეს, რომელიც შემდეგ გაათავისუფლეს. დღეს პარლამენტის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ მისი გათავისუფლება ხელწერილის საფუძველზე არ მომხდარა.

კომენტარები